მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს ჰქონდეთ პროგნოზირებადი და სანდო გარემო - შვეიცარიის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი

12

შვეიცარიის სავაჭრო და მრეწველობის პალატის პრეზიდენტი, ვინსენტ სუბილია ამბობს, რომ საქართველოს გააჩნია მნიშვნელოვანი რესურსი, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა შვეიცარიასთან, განსაკუთრებით სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებებში.

„მიხარია, რომ ვიმყოფები თბილისში და მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, განსაკუთრებით კი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას, რომელთანაც ჩვენ შვეიცარიიდან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ჩემი პირველი შთაბეჭდილება არის ის, რომ საქართველო პოტენციალით სავსე ქვეყანაა, რომელიც მრავალი შესაძლებლობით გამოირჩევა, მათ შორის შვეიცარიისთვისაც,“ – თქვა მან "აბრეშუმის გზის" ფორუმზე.

მისი თქმით, შვეიცარიის ეკონომიკური წარმატება ყოველთვის ეფუძნებოდა გახსნილობასა და საერთაშორისო თანამშრომლობას, ხოლო საქართველოსთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ქმნის კარგ საფუძველს ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისთვის.

„მე ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ იმ ინფრასტრუქტურული განვითარების ტემპით, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ქვეყანამ დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი როლი როგორც კარიბჭემ ევროპასა და აზიას შორის. ჟენევა, რომელიც ხშირად მოიხსენიება როგორც დიპლომატიის დედაქალაქი, ახლა პირდაპირ არის დაკავშირებული თბილისთან. ეს უდიდეს შესაძლებლობას ქმნის შვეიცარიელი ბიზნესმენებისთვის, რომ უკეთ გაეცნონ საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს ჰქონდეთ პროგნოზირებადი და სანდო გარემო. ეს გულისხმობს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც საქართველოში აშკარად შესამჩნევია, არამედ ძლიერი სასამართლო სისტემის არსებობასაც,“ – განაცხადა მან.

შვეიცარიის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასაც. „თქვენი სურვილი, რომ მჭიდროდ იყო დაკავშირებული ევროკავშირთან და განამტკიცოთ ურთიერთობები ევროპასთან, კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები