მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მნიშვნელოვნად გაიზარდა მომართვიანობა, რაც პროფესიული განათლების მიმართ ინტერესზე მიუთითებს - ზაქარაშვილი

თამარ ზაქარაშვილი

კოლეჯ “კონსტრუქტ2”-ის დირექტორი თამარ ზაქარაშვილი ამბობს, რომ პროფესიული განათლების მიმართ საზოგადოების ინტერესი და მომართვიანობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ქვეყანაში არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას დრო სჭირდება.

"პირველ რიგში, მინდა დავაზუსტო, რომ ჯერ არ არის გასული საკმარისი დრო, იმისათვის, რომ საზოგადოებამ სრულად აღიქვას და დაინახოს პროფესიული განათლების რეალური ღირებულება. სამწუხაროდ, წარსულში პროფესიული განათლება ნეგატიური კონტექსტით იყო დამკვიდრებული საზოგადოებრივ ცნობიერებაში. დღეს კი ეს სისტემა სრულიად განსხვავებულია, იგი მორგებულია თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნებზე და უმოკლეს ვადაში დასაქმებაზეა ორიენტირებული.

სახელმწიფოს მხრიდან არსებული მოთხოვნის მოცულობა იმდენად დიდია, რომ საქართველოში მოქმედი პროფესიული კოლეჯები რაოდენობრივად ვერ ახერხებენ მის სრულად დაკმაყოფილებას. თითოეულ კოლეჯს აქვს განსაზღვრული კვოტა, რომლის ფარგლებში შეუძლია კადრების მომზადება. მაგალითად, თუ დამსაქმებელს სჭირდება 100 კადრი და კოლეჯის კვოტა შეადგენს 10 სტუდენტს (პირობითად), ამ საჭიროების სრულად დაკმაყოფილებას ათი წელი დასჭირდება. შესაბამისად, დროის ფაქტორი ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

ამავდროულად, პროცესს აშკარად აქვს დადებითი დინამიკა. ყოველწლიურად იხსნება საშუალოდ ოთხიდან ხუთამდე ახალი პროფესიული კოლეჯი. მათ შორის არის „კონსტრუქტ2“-ის მიერ გახსნილი ახალი კოლეჯი ვალეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა მომართვიანობის მაჩვენებელი, რაც მიუთითებს პროფესიული განათლების მიმართ ინტერესის ზრდასა და მის ღირებულებაზე საზოგადოების მხრიდან.

ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმირებულობის დონე კვლავ არასაკმარისია როგორც დამსაქმებლებს, ისე დაინტერესებულ პირებს შორის. ხშირ შემთხვევაში მათ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროფესიული განათლება დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ და რომ სტუდენტებს სარგებლობის უფლება აქვთ სტუდენტური დაზღვევით", - განაცხადა ზაქარაშვილმა "ანალიტიკაში" სტუმრობისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები