ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ 30 ერთეული მობილური იუსტიციის სახლის შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4.2 მილიონი ლარია.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის ობიექტია მობილურ იუსტიციის სახლად გადაკეთებული 30 მიკროავტობუსი, ასევე მათი გეგმური ფლობის მომსახურება.
ტენდერი 2026 წლის 19 ნოემბერს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 25 ნოემბერს დაიწყება და 26 ნოემბერს დასრულდება.
სატენდერო პირობების მიხედვით, მიკროავტობუსები არანაკლებ 2026 წლის გამოშვების უნდა იყოს, დიზელის ძრავით, მინიმუმ 1.9 ლიტრი მოცულობითა და 140 ცხენის ძალის სიმძლავრით. ავტომობილებს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ექვსსიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, ხოლო მათი სიგრძე არანაკლებ 6.3 მეტრი უნდა იყოს.
მიკროავტობუსების შიდა სივრცე სამი ოპერატორის სამუშაოდ უნდა მოეწყოს. ტექნიკური მოთხოვნები ასევე ითვალისწინებს სამ სამუშაო მაგიდას, სამ ჩასაკეტ თაროს, კონდიცირებისა და გათბობის სისტემებს, მაცივარს, UPS-ს, ელექტროენერგიის ინვერტორსა და მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის განკუთვნილ მინიმუმ სამ ფანჯარას. ავტომობილების ორივე მხარეს ასევე უნდა დამონტაჟდეს გასაშლელი ტენტები.
„მობილური იუსტიციის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს პროექტია, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებს იმ სოფლების მცხოვრებლებს აწვდის, სადაც იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები არ ფუნქციონირებს.
პროექტი 2021 წლის აგვისტოში ამოქმედდა და უკვე მთელ საქართველოს მოიცავს.
























