ყოფილი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესმა ღიად უნდა ისაუბროს წუხილებზე, რადგან ერთმანეთის დამშვიდებით კრიზისს ვერ დავძლევთ. მან ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა.
მისი შეფასებით, მოჩვენებითი სტაბილურობა კიდევ უფრო მძიმე შედეგს მოუტანს ბიზნესს.
"გასაგებია ბიზნესის წუხილი არსებულ მდგომარეობაზე. დიდი, საშუალო, პატარა ბიზნესი, ყველას ეხება ერთნაირად და შეეხება ყველას, თუ ეს კიდევ გაგრძელდა. გასაგებია, რომ ბიზნესმენებს სტაბილურობა უყვართ, ესეც აუცილებელია და მთავრობის ერთ-ერთი ფუნქციაა კომფორტის შექმნა ბიზნესისთვის, რათა შემოსავალი ჰქონდეს, გაიზარდოს გადასახადები და სახელმწიფოს მეტი რესურსები ჰქონდეს. ეს გასაგებია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მოჩვენებითი სტაბილურობა გამოიწვევს კიდევ უფრო დიდ რყევებს თვითონ ბიზნესში. როგორც მე მოვისმინე, "ყველაფერი კარგად იქნებას" არ მოჰყვა, როგორ იქნება კარგად და ამას როგორ უზრუნველვყოფთ.
ბიზნესმენი გამოსული [მთავრობასთან] შეხვედრიდან რომც არ გითხრას რომ შეწუხებულია, ის შეწუხებულია. ბიზნესსაც უნდა ესმოდეს, თუ დღეს ხელისუფლებას ღიად არ უთხარი, რომ შენ შეწუხებული ხარ და აქეთ ეუბნები, რომ ყველაფერი კარგადაა, ესეც სიმპტომია იმისა, რომ ხვალ და ზედ დაგიდგება კიდევ უფრო უარესი რეალობა, ვიდრე დღეს გაქვს. ერთმანეთის დაწყნარებით, ერთმანეთის მოფერებით ამ კრიზისს ვერ დავძლევთ. ჩვენ ყველამ, საზოგადოებამ, ხელისუფლებამ, ბიზნესმა ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან",- ამბობს გელა ბეჟუაშვილი.
შეგახსენებთ, 23 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.