მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოდელირების მნიშვნელობა ბიზნეს კონსალტინგში

5bec13de6ff0a
ჯეპრას ჯონსულტანტი საბა ჯაჯანიძე
14.11.18 16:22
1168
ნებისმიერი ორგანიზაციის გეგმა რამდენიმე აუცილებელი კომპონენტისგან შედგება, ესენია: სიტუაციის ანალიზი ანუ არსებული მდგომარეობის შეფასება, მიზნები და დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელიც ბიუჯეტსა და დროში გაწერილ აქტივობებს მოიცავს.

არსებული მდგომარეობის ადეკვატურად შესაფასებლად და შესაბამისი მიზნების დასახვისთვის, აუცილებელია რაიმე ტიპის მოდელის შემუშავება, რომლის საშუალებითაც კონსულტანტს შეუძლია აღიქვას არსებული მდგომარეობა, აღწეროს ურთიერთობები, კავშირები ან მათი ნაკლებობა, სირთულის დონეები და ა.შ.

ბიზნესის არსებული მდგომარეობა, როგორც წესი, რთულად აღსაქმელია. კარგად შემუშავებული მოდელის საშუალებით, კონსულტანტსაც და კლიენტსაც, შეუძლიათ არსებული სიტუაციის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტებს მიაგნონ, რომლებზეც შესაბამისი ზემოქმედება კლიენტისთვის პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება.
ბიზნესის მდგომარეობის მოდელირებაში, როგორც წესი, გრაფიკულ რეპრეზენტაციას ვგულისხმობთ - ჩანახატს, სურათს, რუკას ან ნებისმიერ ვიზუალურ გამოხატულებას. შეუძლებელია გადაჭრით იმის თქმა თუ რამდენი მოდელი არსებობს კონკრეტული სიტუაციის აღსაწერად ან რომელი მათგანი ასახავს ამა თუ იმ მდგომარეობას ყველაზე უკეთ.

კარგი მოდელი, რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. პირველ რიგში, ნებისმიერი მოდელი შედგენილია წინასწარგანსაზღვრული მიზნისთვის, რომელიც შემდეგ კითხვებზე პასუხებს მოიცავს: ვინ/რა, რამდენი, სად, როდის, როგორ ან რატომ. შესაბამისად, კარგი მოდელი უნდა აღწერდეს ყველა ცვლადს (მათ შორის, ცვლადების ურთიერთმიმართებას და ინტერაქციებს), რომლებიც ადეკვატურად აღწერენ სიტუაციას და აქვთ გავნელა ორგანიზაციაზე. მეორე რიგში, მოდელი უნდა იყოს ადვილად აღქმადი და დაცლილი არასაჭირო, არარელევანტური კომპონენტებისგან.

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ არ არსებობს არსებული მდგომარეობის იდეალური მოდელი, რადგან სიტუაციის 100%-იანი აღწერა, სირთულიდან გამომდინარე, შეუძლებელია. მაგალითისთვის რუკა, რომელიც რომელიმე ტერიტორიის მოდელია, არ წარმოადგენს მის იდეალურ, სრულ აღწერას. იდეალისკენ სწრაფვის ნაცვლად, ჩვენთვის მთავარია მოდელი იმ კონკრეტულ სიტუაციის შესაბამის საჭიროებებს მოვარგოთ, რომლის აღწერასაც ვცდილობთ და მივიღოთ გადაწყვეტილება რომელი ინფორმაციაა კრიტიკული და რომელი არა.

მოდელის ტიპის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, სამ მნიშვნელოვან კითხვას უნდა გავცეთ პასუხი მოდელის მიზნის შესახებ: მარტივი მოდელი გვჭირდება თუ კომპლექსური? რაოდენობრივი თუ თვისებრივი? სიტუაციის კონკრეტული ატრიბუტები უნდა წარმოვაჩინოთ თუ შედარებითი ანალიზი გვჭირდება სხვა სიტუაციასთან?
კარგი მოდელირების შედეგი, ყოველთვის არის რთული სიტუაციის წარმოჩენა, ვიზუალიზაციის საშუალებით.

ორგანიზაციების აღწერის საუკეთესო მოდელი, რომელიც ბევრი პრაქტიკოსის მრავალწლიანი მუშაობის შედეგად შემუშავდა და დროთა განმავლობაში დაიხვეწა არის პერფორმანსის ანატომიის მოდელი, რომელიც მოიცავს და აერთიანებს ორგანიზაციის მდგომარეობის აღსაწერად აუცილებელ ცვლადებს.

მაგალითისთვის, ზუსტად ასეთნაირად ხდება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. არ არსებობს ადამიანის ანატომიის მოდელი, რომელიც ზუსტად ემთხვევა ყველა ადამიანის ანატომიას. მეტიც, იდენტური ადამიანებიც არ არსებობენ, თუმცა ბაზისური ანატომიური მოდელის საშუალებით ჩვენ ვიცით ადამიანის აგებულება, ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სისტემები და ა.შ.; დიაგნოსტიკაც ამ ანატომიის მოდელის მიხედვით ხდება - სისხლის საერთო ანალიზი გვაძლევს ინფორმაციას ერთ-ერთი ძირითადი სისტემის შესახებ.

ორგანიზაციის პერფორმანსის ანატომიის მოდელი ორგანიზაციას განიხილავს როგორც გარკვეულ მექანიზმს, რომელიც რესურსებს გარდაქმნის და შედეგს იძლევა. მოკლედ, ორგანიზაციის აღწერა შესაძლებელია შემდეგი ძირითადი კომპონენტების საშუალებით:

• ბიზნეს გარემო (ეკონომიკა, კულტურა, წესები)
• რესურსები (კაპიტალი, ადამიანური რესურსები, ნედლეული, ტექნოლოგია)
• კონკურენტები
• ორგანიზაციის სისტემა (პირველადი და დამხმარე პროცესები)
• ორგანიზაციის მუშაობის შედეგი (სარგებელი მფლობელებისთვის / საბჭოსთვის, პროდუქტები/სერვისები)

პერფორმანსის ანატომიის მოდელი განასხვავებს პერფორმანსის სამ დონეს: ორგანიზაციის, პროცესის და სამუშაოს დონეებს. მაგალითად, თუ შესასწავლი ორგანიზაცია არის ავტომობილების დილერი ორგანიზაცია, პროცესი შეიძლება იყოს - ავტომობილის გაყიდვის პროცესი, ხოლო სამუშაო - გამყიდველი.

პროცესის აღწერის შემთხვევაში, ბიზნეს გარემოს ნაცვლად, ხდება ორგანიზაციის შიდა გარემოს ანალიზი, რომელიც ამ კონკრეტული პროცესისთვის გარე გარემოს წარმოადგენს, მთავარია იმის გააზრება, რომ ორგანიზაცია, ნებისმიერ დონეზე, შეიძლება დახასიათდეს გარე გარემოთი, რესურსით, კონკურენტით, სისტემით და შედეგით.
ჩამოთვლილი ცვლადების და დონეების ადეკვატური აღწერის შემთხვევაში, კონსულტანტს შეუძლია მიაგნოს იმ ცვლადს (ცვლადთა ჯგუფს), რომელზე ზემოქმედებაც ორგანიზაციის საქმიანობაზე პოზიტიურად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები