მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მოდი, მოვაგვაროთ ბიოტუალეტების თემა" - თემები, რაზედაც ტურიზმის ბიზნესმა კითხვები დასვა

მაია ომიაძე

მოდი, მოვაგვაროთ ბიოტუალეტების თემა“ - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია „KA ჯგუფის“ დამფუძნებელმა ირაკლი ჭიღლაძემ ჟურნალისტის კითხვას - რას უნდა დაესვას წერტილი 2026 წელს ტურიზმის სფეროში“.

ირაკლი ჭიღლაძე ამბობს, რომ ტურისტულ ადგილებში საპირფარეშოების მოწყობის საკითხზე ინდუსტრიამ კითხვები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძესა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილთან შეხვედრაზეც დასვა, სადაც 2025 წელი შეაჯამეს და ტურიზმის სექტორს სამომავლო გეგმები გააცნეს.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები აქცენტს ტურისტების რაოდენობის ზრდაზე აკეთებენ და 2025 წელს ძალიან წარმატებულს“ უწოდებენ, ბიზნესისთვის მთავარ გამოწვევად ისევ რჩება საბაზისო ინფრასტრუქტურა რჩება.

„KA ჯგუფის“ დამფუძნებლის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყველაზე მეტი კითხვა დაისვა აეროპორტებში ტაქსების სერვისის მოწესრიგებაზე, ტურისტულ უბნებში მიუსაფარი ძაღლების თემაზე და ბიოტუალეტების პრობლემის გადაჭრაზე.

ირაკლი ჭიღლაძის თქმით, საპირფარეშოები არის თემა, რომელიც წლებია ვერ გვარდება. მისი თქმით, მიიღეს პირობა, რომ შესაბამის ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია და 2026 წლისთვის ეს პრობლემა უნდა დაიხუროს.

როგორც მივხვდი, რამდენიმეჯერ ჩავარდა ტენდერი, არავინ აიღო კონკრეტული პასუხისმგებლობა, თორემ ზოგადად, ყველასთვის თვალში საცემია, რომ [ეს პრობლემა] აუცილებლად მოსაგვარებელია...“, - აღნიშნა მან.

შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა 2026 წლის სტრატეგიული დაგეგმარება იყო. ირაკლი ჭიღლაძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სახელმწიფო მარკეტინგულ ბიუჯეტს ევროპიდან აზიისკენ ანაცვლებს:

„2025 წელს მარკეტინგული ბიუჯეტის 61% ევროკავშირზე იხარჯებოდა, მომავალი წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 47%-მდე ჩამოდის. აქცენტი გადადის ჩინეთსა და ინდოეთზე, რომლებიც კრიტიკულად მზარდი ბაზრებია“, - თქვა მან.

სასტუმროების სექტორისთვის კვლავ მტკივნეულია საგადასახადო სისტემა. კერძოდ, ის, რომ შემომყვანი ტუროპერატორები გათავისუფლებულნი არიან დღგ-სგან, სასტუმროები კი - არა. ირაკლი ჭიღლაძე მიიჩნევს, რომ დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადის შემცირება სექტორს განვითარების და კადრების შენარჩუნების საშუალებას მისცემდა, თუმცა ამ საკითხზე კითხვა არ დაუსვამს.

რაზე არ დაისვა კითხვები? - ინტერვიუში აღინიშნა, რომ შეხვედრაზე არ გაჟღერებულა კითხვები ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან ან/და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

„ჩვენ, როგორც კერძო სექტორი, ვცდილობთ ადაპტირებას. იქ მსგავსი საუბრის სივრცე არ ყოფილა. მთავარი აქცენტი სტატისტიკასა და სამომავლო გეგმებზე გაკეთდა,“ — აღნიშნა ირაკლი ჭიღლაძემ.

"დატოვეთ კაბინეტები და ერთად გავიაროთ მარშრუტები, სადაც ტურისტები მიგვყავს"|გიდის ფოტო-ვიდეო არქივი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები