მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოძალადე პოლიციაზე უარესი მოძალადე სასამართლო სისტემაა" - მაია მწარიაშვილი

ბლბ

თბილისის ყოფილი პროკურორი და BLB-ის მმართველი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს, რაც ხელს უწყობს პროევროპული აქციების დროს დაკავებულებზე პოლიციელების ძალადობასა და არაჰუმანურ მოპყრობას - ამის შესახებ მწარიაშვილმა იურიდიული სფეროს წარმომადგენლების მიერ უზენაეს სასამართლოსთან გამართულ აქციაზე BMG-სთან ისაუბრა.

ყოფილი პროკურორი აღნიშნავს, რომ გამართული სასამართლო სისტემა ქვეყანაში ბალანსის აღდგენას უწყობს ხელს, მისი არარსებობის შემთხვევაში კი ვერც ერთი კრიზისი ვერ წყდება.

"ჩვენს სფეროს ყველაზე დიდი პრობლემები აქვს და ამ მოვლენებმაც თვალნათლივ აჩვენა ეს. ვფიქრობ, უკვე ყველა მოქალაქისთვის ცხადია, რომ მოძალადე პოლიციაზე გაცილებით უარესი მოძალადე სასამართლო სისტემაა, რომელიც აკანონებს ძალადობებს უდანაშაულო ადამიანებზე. რომ არა სასამართლო, ვერც ერთი პოლიციელი ვერ გარისკავდა უკანონო ქმედებას, არა თუ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ მოპყრობას.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, და არასდროს მინახავს რომ კორპორაცია ასე ერთობლივად აპროტესტებდა რამეს, მოვსულიყავით აქ, სადაც წესით მართლმსაჯულების სასახლე უნდა იყოს, მაგრამ ჩვენც და მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი დარწმუნდა, რომ მართლმსაჯულება არ არის ქვეყანაში. დღეს ჩვენმა მოქალაქეებმა იციან, რა არის მთავარი პრობლემა ქვეყანაში: მართლმსაჯულება აბალანსებს ყველა პრობლემა, წყვეტს ყველა სოციალურ კონფლიქტს. ვინაიდან არ გვაქვს მართლმსაჯულება, ვერცერთი ამ ტიპის კრიზისი და პრობლემა ქვეყანაში ვერ წყდება და ამის დასტურია ეს დაუსრულებელი მანიფესტაციები და პროტესტი ქუჩაში", - აცხადებს მაია მწარიაშვილი.

ექსპროკურორის განცხადებით, იურიდიული სფეროს წარმომადგენელთა პროტესტის მთავარი მიზანი იგივეა, რაც პროევროპული აქციების მონაწილეთა მოთხოვნა: ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული პატიმრები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები