მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო აუდიტორული კომპანია PWC-ის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში საგადასახადო სფეროს სიმარტივითა და ეფექტურობოთ მეთექვსმეტე ადგილზეა 2019 წლის Paying Taxes ინდექსში, რომელიც 2017 წელს არსებულ ვითარებას ასახავს.
PWC-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიოს ქვეყნებს შორის საგადასახადო ტვირთის შემცირება ყველაზე საგრძნობი საქართველოში იყო და ის 16.4%-დან 9.9%-მდე შემცირდა.
ამ შემცირების მიზეზი ქვეყანაში გატარებული მოგების გადასახადის რეფორმა იყო. საქართველო 22-დან 16-ე ადგილზე დაწინაურდა.
ინდექსში პირევლ ადგილზე ჰონგ-კონგია, ბოლოზე კი - ვენესუელა, სადაც ბიზნესისთვის კონსოლიდირებული საგადასახადო ტვირთი შემოსავლების 64.6%-ია, ბიზნესს 70 სხვადასხვა გადასახადის გადახდა უწევს, ხოლო საგადასახადო ანგარიშგების მომზადებას კი საშუალოდ 792 საათი სჭირდება. ჰონგ-კონგში ეფექტური საგადასახადო დონე 22%-ია, მოქმედებს 3 გადასახადი, ხოლო საგადასახადო დოკუმენტაციის შევსებას საშუალოდ 35 საათი ესაჭიროება.
საქართველოში ბიზნესისთვის კონსოლიდირებული საგადასახადო ტვირთი 9.9%-ია, საგადასახადო დოკუმენტაციის შევსებას საშუალოდ 220 საათი ესაჭიროება, ხოლო გადასახადების რაოდენობა კი, 5-ია.
ამ რეიტინგში რუსეთს 53-ე, აზერბაიჯანს 28-ე, ყაზახეთს 56-ე, უზბეკეთს 64-ე, სომხეთს 82-ე ადგილი უჭირავს.
PWC-ისა და მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებულ ინდექსში გადასახადები დათვლილია ჰიპოთეტური კომპანიისთვის, რომელიც წლის განმავლობაში მიღებული მოგების 50%-ის რეინვესტირებას ახდენს, ხოლო 50%-ს კი დივიდენდის სახით დამფუძნებლებზე გასცემს.
მეთოდოლოგიის მიხედვით, ეს ჰიპოთეტური კომპანია არ საქმიანობს სპეციალიზირებულ რეგულირებად ბაზრებზე, არ არის ჩართული თამბაქოს, ალკოჰოლის, ნავთობის ან ბენზინის ბიზნესში. შესაბამისად, ინდექსის დათვლისას აქციზისა და სალიცენზიო გადასახადები არ გაითვალისწინება.
ეს კი ნიშნავს, რომ 2017 წელს თამბაქოსა და ნავთობის აქციზის გადასახადების გაძვირების მიუხედავად, საქართველო ინდექსში დაწინაურდა.

























