"ბიზნესად რომ განმეხილა, კაპიკი ფული არ უნდა ჩამედო" - ასე აღწერს ველნეს კურორტ „ბიოლის“ საქმიანობას მისი დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე, BM.GE-სთან ინტერვიუში.
„ბიოლი“, რომელიც ბაზარზე უკვე 20 წელია ფუნქციონირებს და სამკურნალო-გაჯანსაღებელ მიმართულებაზეა ორიენტირებული, მჭედლიძის თქმით, მაღალ გადახდისუნარიან მომხმარებელზეა გათვლილი. ამიტომაც, კურორტის ძირითადი სტუმრები უცხოელები არიან, მათ შორის არაბული ქვეყნებიდან, ხოლო ადგილობრივი სტუმრები აქ ძირითადად გართობის მიზნით დადიან.
“ბიზნესად რომ განმეხილა, კაპიკი ფული არ უნდა ჩამედო. ამ სივრცეში 51 მილიონი დოლარი უკვე მაქვს ჩადებული, რომელსაც ამ პრინციპით ვერასდროს ამოვიღებ. ასეთი პროექტი ბიზნესურად არ არის მოგებიანი. უბრალოდ, მე აღმოვჩნდი ის ადამიანი, ვისთვისაც ჯანმრთელობა უდიდესი ფასეულობაა. ჩემი ბებიის ანდერძს ვასრულებ და მიზნად დავისახე, ქართული ველნეს ინდუსტრიის შექმნა“, - ამბობს ის.

მჭედლიძე განმარტავს, რომ პროექტის განვითარება დიდწილად იმ დივიდენდებით ფინანსდება, რომელსაც ის რუსეთში არსებული საკუთარი კლინიკიდან იღებს. ამ თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი „ბიოლის“ განვითარებაში მიემართება, რათა კურორტმა მსოფლიო დონის ველნეს სივრცეებს კონკურენცია გაუწიოს. მისი თქმით, „ბიოლი“ უკვე 20 წელია ეტაპობრივად იზრდება, თუმცა მოგების მიღებას კიდევ მინიმუმ ათწლეული ნამდვილად სჭირდება.
მისივე თქმით, მომავალი წლიდან კურორტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის:
“ჯერ მხოლოდ 17 კოტეჯი გვაქვს, რაც დაუშვებელია, რომ ამან იმუშაოს. ამიტომ მომავალი წლიდან დავიწყებთ ულამაზესი აუზის მშენებლობას, თავისი აკვააერობიკის სერვისით და საპროცედუროებით, ასევე სხვა სერვისების დამატებაც იგეგმება. ამ პროექტზე დაახლოებით 4 მლნ დოლარი უნდა დაიხარჯოს. მინდა ისეთი კურორტი შევქმნა, შვეიცარია რომ მიმიქარავს“, – ამბობს ჭელიძე.

მისი ინფორმაციით, კურორტი 2027 წლიდან განვითარების კიდევ უფრო მასშტაბურ ფაზაში შევა. დამფუძნებელი გეგმავს ე.წ ლაქშერი კლასის 25-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობასაც, რაც დამატებით 8 მილიონ დოლარს მოითხოვს. პარალელურად, იგეგმება კლინიკის აშენებაც – 5 მილიონი დოლარის ინვესტიციით. მისი თქმით, ამ ეტაპების დასრულების შემდეგ „ბიოლი“ საბოლოოდ მიუახლოვდება იმ სტანდარტებს, რომელიც მსოფლიოს წამყვან ველნეს კურორტებს ახასიათებს.




























