ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC ბანკის აქციები დღეს 5.12%-ით გაიზარდა. ამჟამად, კომპანიის ერთი აქციის ღირებულება 13.58 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
დღეს TBC ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ორი მნიშველოვანი განცხადება გამოაქვეყნა. მათგან პირველი, 2018 წლის ფინანსურ შედეგებს ეხება. ბანკის ინფორმაციით, მათი წმინდა მოგება მთელი 23%-ით, 454.9 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
მეორე განცხადება კი სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადადგომას ეხება.
შედეგად, დღეს TBC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 41 მილიონი გირვანქა სტერლინგით, დაახლოებით, 741 მილიონამდე გაიზრდება.
TBC-ის აქციების ღირებულება ერთ თვეზე მეტია ეცემა. ამ პერიოდის განმავლობაში, ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 200 მილიონით შემცირდა, აქციების ღირებულება კი ბოლო ორი წლის მინიმუმამდე დაეცა. ვარდნის მიზეზი, მიმდინარე გამოძიებას, ფულის გათეთრების ბრალდებას, მილიონიანი ჯარიმას, ხელმოწერის უფლების შეჩერებასა და გადაყენების მოთხოვნას უკავშირდება.
ბანკმა დღესვე ინვესტორებს საერთაშორისო იურიდიული კომპანია Dentons-ის დასკვნაც წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, ტრანზაქციები, რომლისთვისაც ბანკს სებ-ი და პროკურატურა ედავებიან, სამართალდარღვევებად არ ითვლებიან.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, TBC წყვეტს სამართლებრივ დავას ეროვნულ ბანკთან და მზადაა, გადაიხადოს 1 მილიონი ლარი, რომლითაც დაჯარიმდა.
"აღარ განვმეორდები, თუ როგორი შეტევის ქვეშ იმყოფება ჩვენი ჯუფი, ბანკი. შედეგად, ჩვენმა საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული.
იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა. სამშაბათს, როგორც დავპირდი პარლამენტს და საზოგადოებას, ვიქნები კომიტეტის მოსმენაზე, რათა მშვიდად განვიხილო და გავაცნო საქმის დეტალები პარლამენტარებს და საზოგადოებას. ამავე დროს დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში", - წერია მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, TBC-ის ჯგუფის მთლიანი აქტივები 15,526,300,000 ლარს შეადგენს, რითიც ის საქართველოს ყველაზე დიდ საბანკო ინსტიტუტს წარმოადგენს.
თიბისის ბაზრის წილები ასეთია:
აქტივების მიხედვით, საბანკო სექტორის 38.2%;
სესხების მიხედვით, საბანკო სექტორის 38.8%;
ფიზიკური პირების სესხების მიხედვით, საბანკო სექტორის 40%;
იურიდიული პირების სესხების მიხედვით, საბანკო სექტორის 37.4%;
დეპოზიტების მიხედვით, საბანკო სექტორის 41.2%;
ფიზიკური პირების დეპოზიტების მიხედვით, საბანკო სექტორის 41.2%;
იურიდიული პირების დეპოზიტების მიხედვით, საბანკო სექტორის 41.2%.
ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში თიბისის სასესხო პორტფელის ზრდამ 21.3% შეადგინა. დეპოზიტების ზრდის ტემპი კი 16.9% იყო.

























