მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მოგიწოდებთ [მზია ამაღლობელის] დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ" - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

გერმანიის საგარეო

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის მიერ სახაროვის პრემიის მზია ამაღლობელისთვის გადაცემას ეხმაურება და მთავრობებს პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ჟურნალისტების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

"ევროპარლამენტის მიერ სახაროვის თავისუფლების პრიზის მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტისთვის გადაცემა სოლიდარობის ძლიერ სიგნალს უგზავნის მსოფლიოს მასშტაბით დაკავებულ ყველა ჟურნალისტს, სიმართლის ხმამაღლა თქმის გამბედაობისთვის. მოგიწოდებთ მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ", - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.

"ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, ბელორუს ჟურნალისტ ანდჟეი პოჩობუტთან ერთად, ევროპარლამენტის უმაღლესი ჯილდოს, სახაროვის აზრის თავისუფლების პრემიის ლაურეატი გახდა. ქართველი და ბელორუსი ჟურნალისტები ნომინაციაში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფმა წარადგინა.

სახაროვის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ 1988 წელს დაარსდა რუსი მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პატივსაცემად. ჯილდოს მიზანია დააჯილდოოს ადამიანები, ჯგუფები და ორგანიზაციები, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან ადამიანის უფლებების დაცვისა და აზრის თავისუფლებისთვის მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, პრემია მსოფლიო საზოგადოების ყურადღებას აქცევს პოლიტიკურ პატიმრებს, აქტივისტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც იდევნებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები