ორგანიზაცია "საქართველოს კარიტასი" უკვე 30 წელზე მეტია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის სოციალურ სისტემაში, თუმცა დღესაც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საზოგადოების არასაკმარისი ჩართულობა და ნდობის დეფიციტი რჩება. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ ორგანიზაციის კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების მენეჯერმა, ინგა ჩხეიძემ ისაუბრა.
ორგანიზაცია, რომელიც 1994 წელს დაფუძნდა, დღემდე აქტიურად მუშაობს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების, ჰუმანიტარული, სოციალური, ჯანმრთელობისა და განვითარების სფეროში, ეხმარება საქართველოს მოწყვლად მოსახლეობას და ხელს უწყობს ქვეყანაში ქველმოქმედებისა და სამართლიანობის დამკვიდრებას.
„მოგვემატა მოხალისეები და გაგება საზოგადოების მხრიდან, მაგრამ მაინც არასაკმარისია. ადამიანები ხშირად არ ენდობიან საქველმოქმედო ორგანიზაციებს ან ვერ ხედავენ საჭიროებას... რეალურად კი საჭიროება ძალიან დიდია“, - აღნიშნა ინგა ჩხეიძემ.
მისივე თქმით, ნებისმიერი ფორმის მხარდაჭერა - იქნება ეს ფინანსური დახმარება, მოხალისეობა თუ ინფორმაციის გაზიარება - მნიშვნელოვან გავლენას ახდენს: „ნებისმიერი ადამიანის შემოწირულება, მოხალისედ ჩართვა ან თუნდაც პოსტის გაზიარება უკვე დიდი საქმეა ამ ადამიანების დახმარებისთვის“.
ორგანიზაციის საქმიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დონორებსა და პარტნიორებზე. ჩხეიძის თქმით, დაფინანსების ძირითადი წყარო საერთაშორისო დონორებია, თუმცა პროცესში მონაწილეობს სახელმწიფო და კერძო სექტორიც: „30-წლიანი გამოცდილებისა და გამჭვირვალობის გამო, „კარიტასი“ სანდო პარტნიორად ითვლება. მოხალისეების როლი ძალიან მნიშვნელოვანია - არა მხოლოდ ფიზიკური დახმარების, არამედ სოციალიზაციის კუთხითაც“, - ამბობს ჩხეიძე.
მისივე თქმით, ნებისმიერი ფორმის მხარდაჭერა - იქნება ეს ფინანსური დახმარება, მოხალისეობა თუ ინფორმაციის გაზიარება - მნიშვნელოვან გავლენას ახდენს: „ნებისმიერი ადამიანის შემოწირულება, მოხალისედ ჩართვა ან თუნდაც პოსტის გაზიარება უკვე დიდი საქმეა ამ ადამიანების დახმარებისთვის“.

























