ადგილობრივი ჩირის მწარმოებელი ბრენდი "სკიჯი" ბაზარზე 2015 წლიდან გამოჩნდა და მომხმარებელს მანდარინის, ფორთოხლის, ლიმონის, კივის, ფეიხოასა და სხვადასხვა ხილის ჩირს სთავაზობს. ბრენდის გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე “სკიჯის” თანადამფუძნებელმა მაკო ცირეკიძემ BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა, მისი თქმით, საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად ბრენდი HACCP-ის სტანდარტის დანერგვაზე მუშაობს.
“სკიჯის საამქროში "ჰასპის" სტანდარტის დანერგვა ჩვენს პროდუქციას საერთაშორისო ბაზარზე გასვლის საშუალებას მისცემს. ვიწყებთ მუშაობას ჩვენი პროდუქტის საერთაშორისო გამოფენებზე გასატანად. საექსპორტო ბაზარი მოგვცემს სტაბილურობის შეგრძნებას. ასევე, ვმუშაობთ კორპორატიულ სასაჩუქრე შეკვეთებზე, რაც ჩვენთვის ძალიან შემოქმედები, საპასუხისმგებლო და სასიამოვნო პროცესია. ჩვენი მიზანია ყოველი წლის შეთავაზება გვქონდეს განსხვავებული, გამორჩეული და დასამახსოვრებელი”, - დასძინა მან.
მაკო ცირეკიძის თქმით, მიმდინარე წელს ბრენდს პროდუქციაზე ფასის მომატება მოუწია, მიზეზი გაძვირებული ნედლეული, კომუნალური გადასახადები და ბანკის გადასახადი იყო.
“მოგვიწია პროდუქციის გაძვირება დაახლოებით 15%-ით. ნედლეულის გარდა, კომუნალური გადასახადი გახდა კომერციული, დაგვემატა ბანკის გადასახადი, ამასთან, ვინაიდან ვნერგავთ ჰასპის სტანდარტს, ეს საკმაო ხარჯებთან არის დაკავშირებული. საწარმოს წარმადობა მცირეა, მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, საოჯახო ნიშისაა, პროდუქტის ხარისხი და საწარმოო ტექნოლოგია კი ევროპული სტანდარტის გახდა", - ამბობს დამფუძნებელი.
მაკო ცირეკიძე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს კომპანია სრული დატვირთვით აპირებს მუშაობას, როგორც საცალო გაყიდვების, ასევე კორპორატიული შეკვეთების მხრივ.
“გასული წელი არასრულად ვიმუშავეთ, რადგან მშენებლობის პროცესმა შეგვიშალა ხელი. თუმცა გავაკეთეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი კორპორატიული შეკვეთა. წელს ვმუშაობთ სრული დატვირთვით, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ როგორც კორპორატიული შეკვეთები, ასევე გავზარდოთ საცალო გაყიდვები” - აღნიშნა მან.
ცნობისთვის: ცნობისთვის: “სკიჯი” 2015 წელს 5000 ლარი ინვესტიციით შეიქმნა და მისი საწარმო გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდებარეობს. კომპანიის ნედლეული 100% ადგილობრივი, გურული, დასავლეთის ხილით მზადდება. ამ ეტაპზე ოჯახის წევრების გარდა კომპანიაში 7 ადამიანია დასაქმებულია , როგორც წარმოების, ისე სასტუმრო და გასტრონომიის მიმართულებით. პროდუქტის შეძენა შესაძლებელია ადგილზე - სკიჯის სახლში და ონლაინ, ბრენდის სოციალური ქსელების მეშვეობით.