“არსის” დირექტორი ბესო ორთოიძე ამბობს, რომ "ოცნების" მთავრობის ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც რევაზ სოხაძემ საკუთარი ხედვები წარადგინა. ორთოიძემ ამის შესახებ bm.ge-სთან განაცხადა.
"ქართული ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა.
ბესო ორთოიძის თქმით, მინისტრმა ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებში გამოწვევებზე, მათ შორის ვადების და ხარისხის მიმართულებით და მათი გადაჭრისთვის საჭირო ცვლილებებზე.
"ეს არ იყო კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული შეხვედრა. გაცნობითი იყო, მათი მუშაობის, ხედვები წარმოადგინა და იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი. ზოგადად, მოგვიყვა რა გამოწვევები არსებობს სამინისტროში. ინფრასტრუქტურის სამინისტროს უწევს სხვადასხვა პროექტების განხორციელება, სადაც ბიზნესიცაა ჩართულია. ჩვენი კომპანია მსგავსი პროექტებით არ არის დაინტერესებული, მაგრამ ბევრი კომპანია ესწრებოდა, რომელი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. ძირითადად ისაუბრა მის ხედვაზე, თუ რა არის შესაცვლელი. იყო ვადებზე, რომ ხარისხით არ არიან კმაყოფილები, ზოგადად მიდგომა რაც არსებობს, რომ ავანსის ჩარიცხვები ხდებოდა და შესაბამისი უზრუნველყოფა არ იყო და აი მსგავსი წესების შეცვლაზე. სხვათა შორის, საკმაოდ ბევრი კარგი იდეა გაჟღერდა მინისტრის მხრიდან, რაც ჩვენთვის მისასალმებელია. ასევე ისაუბრა დაგეგმილ პროექტებზე სკოლების, სპორტული კომპლექსების მიმართულებით, როგორც ჩანს, ეგ პრიორიტეტებია",- ამბობს ბესო ორთოიძე.
მისივე თქმით, ბიზნესი სხვადასხვა პროექტების მიმდინარეობით დაინტერესდა.
"ბიზნესის მხრიდან იყო კითხვები. ძირითადად, გულის ტკივილი რაც გვაწუხებს, მაგალითად თბილისში შემოსასვლელი, რომელიც მუდმივად გადატვირთულია, ალტერნატიული გზებზე თუ მიდის მუშაობა, ასევე იყო კითხვები დასმული, რომ ავტობანი, რომლებიც იხსნება და ვთქვათ მერე რაღაცა უნებართვოდ კონტეინერების ჩადგმა ხდება და კომერციული საქმიანობის განხორციელება, მაგათი ზედამხედველობა და აკრძალვა თუ მოხდება და ასე შემდეგ",- ამბობს ბესო ორთოიძე.




























