ეკონომიკური პრობლემების გაღრმავების შემთხვევაში, მოსახლეობა პირველ რიგში HORECA სექტორს განიხილავს ხარჯების შემცირების სამიზნედ. ამის შესახებ „ეისითი კვლევის“ (ACTR) საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის შედეგების მიხედვით, თუ ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება, მოსახლეობის 30% ხარჯების დაზოგვას გეგმავს მოგზაურობასა და დასვენებაზე, ხოლო 29% - გართობის მიმართულებით. შესაბამისად, ფინანსური კრიზისის გაღრმავების ფონზე HORECA ბიზნესს მომხმარებელთა კლების ყველაზე მაღალი რისკი აქვს.
ამასთან, ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში, გარკვეულ კატეგორიებში მოსახლეობა კვლავ ინარჩუნებს ხარჯვის მაღალ განწყობას, რაც მიუთითებს ამ სერვისებისა და პროდუქტების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. კერძოდ, გამოკითხულთა 68% აცხადებს, რომ უახლოეს 6 თვეში სავარაუდოდ თანხას დახარჯავს ჯანმრთელობისა და თავის მოვლის პროდუქტებზე. კვლევის მიხედვით, ეს ადასტურებს, რომ ჯანმრთელობა მოსახლეობისთვის უმაღლეს პრიორიტეტად რჩება.
გარდა ამისა, 40% განიხილავს ხარჯვას განათლების მიმართულებით, რაც შესაძლოა აღქმულ იქნეს როგორც გრძელვადიანი ინვესტიცია საკუთარი მომავლის მიმართ. ეს მიანიშნებს მოსახლეობის ნაწილში არსებული განწყობისკენ - ეკონომიკური არასტაბილურობა პროფესიული განვითარების გზით გადალახონ.
ხარჯვის მინიმალური განწყობა ფიქსირდება ფინანსური ინვესტიციების მიმართულებით, სადაც მხოლოდ 16% განიხილავს ფულის ჩადებას. აღნიშნული ტენდენცია ასახავს, რომ არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოში მოსახლეობა ნაკლებადაა მიდრეკილი რესურსების რისკიან აქტივებში განთავსებისკენ. ამ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პირველადი საჭიროებების დაფარვა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სატელეფონო გამოკითხვა „საქართველოში ეკონომიკური კრიზისის მოლოდინები და ხარჯვის პრიორიტეტები“ ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით, 800 ზრდასრულ მოსახლეს შორის, საქართველოს მასშტაბით. გამოკითხვა მიმდინარეობდა 2025 წლის 17-23 მარტს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ არ აღემატება 3.5%-ს.
საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია - ACTR-ის კვლევა




























