"ქართული ოცნების" მთავრობის ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ IMF-ის პროგრამის შესახებ კითხვა არა მის დაწყება არ დაწყების შესახებ, არამედ იმის შესახებ უნდა დაისვას, აგრძელებს თუ არა მთავრობა რეფორმებსა და უჭერს თუ არა მათ მხარს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ამის შესახებ მან ეროვნულ ბანკში გამართულ პრესკონფერენციაზე BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან IMF-ის ახალი პროგრამის მოთხოვნას შეეხებოდა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამა და შესაძლო მომდევნო პროგრამა არ იყო დაკავშირებული დამატებითი ფინანსური რესურსების მიღებასთან. როგორც წესი IMF-ის პროგრამა მოიცავს ხოლმე ფინანსურ რესურსებს, ბუნებრივია წვდომის შესაძლებლობა ჩნდება, თუმცა ეს თავიდანვე გაცხადებული იყო საქართველოს მიერ, რომ ეს პროგრამა არ იყო დამატებითი საფინანსო რესურსის მოსაზიდად საქართველოში. ამ პროგრამის ერთადერთი მიზანი იმ რეფორმების მხარდაჭერა იყო, რომელსაც საქართველო ფისკალური თუ მონეტარული მიმართულებით ახორციელებდა.
ამ თანამშრომლობის შესაძლებლობა მრავალმხრივია, მათ შორის ტექნიკური დახმარების ფორმატი, რომელშიც საქართველო ალბათ ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა მსოფლიოში, ტექნიკური დახმარების მიღების რაოდენობით როგორც ფისკალური ასევე მონეტარული რეფორმების მიმართულებით, რისთვისაც დიდი მადლობა სავალუტო ფონდს ასეთი ტიპის თანამშრომლობისთვის.
საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამით თუ პროგრამის გარეშე მუშაობა მიმდინარეობს ორივე შემთხვევაში. ეს მნიშვნელოვანი თანამშრომლობაა იმისთვის, რომ ჩვენ განხორციელებულ რეფორმებთან მიმართებით წინ წავიწიოთ. პროგრამაში არის რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი და აქაც აღინიშნა, რომ ამ რეფორმების განხორციელებასთან მიმართებით დიდი პროგრესია.
IMF-ის სამომავლო პროგრამასთან მიმართებით დღეს არსებული სტატუსი ის არის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას თითოეულ იმ რეფორმაზე, რომელიც არსებულ პროგრამაში იყო და ასევე ვაგრძელებთ მუშაობას, რომ დაიდენტიფიცირდეს რეფორმები, რომლებიც სამომავლოდ განხორციელდება, რომელ რეფორმებსაც ჩვენ ვაპირებთ და რომლებშიც ჩვენ IMF-ის მხარდამჭერია ექსპერტული თვალსაზრისით. როდესაც ეს სამუშაო საბოლოოდ დასრულდება, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება და მსჯელობა ეს მიიღებს პროგრამის სახეს თუ ინდივიდუალურად რეფორმებთან მიმართებით თანამშრომლობის სახეს. საბოლოო, ჯამში ამ თანამშრომლობის შედეგი ერთი და იგივეა.
პროგრამის დაწყება არ დაწყების შესახებ შეკითხვა არ არის მთავარი. მთავარი შეკითხვაა, რომ რეფორმები, რომლებიც უნდა განხორციელდეს პროგრამით თუ პროგრამის გარეშე ეს რეფორმები გრძელდება თუ არა და სავალუტო ფონდის ჩართულობა იქნება თუ არა. ორივე შემთხვევაში დადებითი პასუხია. ამ რეფორმებს საქართველოს მთავრობა აგრძელებს და ჩვენი და სავალუტო ფონდის სურვილია, ამ რეფორმებში ჩაერთოს და თავისი ექსპერტული შეხედულებები მოგვაწოდოს ამ რეფორმებთან დაკავშირებით.
ამ სამუშაო პროცესში შეიძლება რეფორმების ჯგუფის იდენტიფიცირება მოხდეს, რამაც შეიძლება პროგრამის სახე მიიღოს, ან დარჩეს ინდივიდუალურ რეფორმებად. თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აგრძელებს რეფორმებს და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ რეფორმების მხარდამჭერია“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
რატომ შეჩერდა სავალუტო ფონდის პროგრამა - მიზეზების ქრონოლოგია:
IMF-ის $280–მილიონიანი პროგრამის შეჩერების შესახებ 2023 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. ფონდის პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. პროგრამის პირველი ორი მიმოხილვა წარმატებით დამტკიცდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში პარლამენტში ინიციირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი პროგრამას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა. კანონპროექტი 9 წევრისგან შემდგარ ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა, რასთან დაკავშირებითაც თავად ეროვნული ბანკი იმ პერიოდისთვის და ასევე IMF კრიტიკული პოზიციას აფიქსირებდნენ. კანონპროექტს 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. იმ დროს პარლამენტმა ვეტოს დაძლევისგან თავი შეიკავა.
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა პრობლემური იყო იმის გამო, რომ IMF-თან არსებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნაკისრი ვალდებულება არ განახორციელოს პროგრამასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები IMF-თან კონსულტაციების გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკის მენეჯმენტის შესახებ კანონმდებლობაში ჩანაწერი სწორედ ასე – IMF-ის მოსმენის გარეშე შეიცვალა.
2023 წლის მაისში ჯერ კიდევ არსებობდა მოლოდინი, რომ პარლამენტი ვეტო დადებულ კანონს აღარ მიუბრუნდებოდა, შედეგად, პროგრამის მეორე მიმოხილვა დასამტკიცებლად IMF-ის დირექტორთა საბჭოზე წარდგებოდა. თუმცა, 2023 წლის 13 ივნისს, პარლამენტმა ვეტო დაძლია, 22 ივნისს კი ნათია თურნავა ახალი კანონის შესაბამისად სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად და შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში, მაშინ ჯერ კიდევ სებ–ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამაც.
კიდევ ერთი საკითხი სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული რეფორმა იყო. ფონდი მიიჩნევდა, რომ კანონპროექტში ასახული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელსაც ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებული სტრატეგია ითვალისწინებდა – ფონდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო 3 საკითხი. ფონდი ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემას და ამ უწყების მიერ სახელმწიფო ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგს. მეორე და მესამე საკითხი სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორთან კონკურენციას ეხებოდა. ფონდს მიაჩნდა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები უნდა შეზღუდულიყო.




























