NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წლის არჩევნების და შემდგომი მოვლენების გათვალისწინებით საქართველოსთან თანამშრომლობა გადაიხედა.
დოკუმენტში წერია, რომ NATO-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტების რეპრიორიტეტიზაცია მოხდა.
"მოკავშირეებმა ასევე გადახედეს NATO-ს თანამშრომლობას საქართველოსთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და შემდგომი მოვლენების გათვალისწინებით. შედეგად, გადაიხედა პრიორიტეტები NATO-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტებთან, მათ შორის NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ზოგიერთ ასპექტთან დაკავშირებით. ამავდროულად, საქართველოს თავდაცვის ძალებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა წინ წავიდა, რაც აღინიშნა მაისში NATO-საქართველოს წარმატებული წვრთნებით. NATO-ს სამეკავშირეო ოფისი თბილისში აქტიურად თანამშრომლობდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ სამივე პარტნიორთან",- წერია ანგარიშში საქართველოს შესახებ.
რა ეწერა საქართველოზე 2024 წლის ანგარიშში?
NATO-ს გენერალური მდივნის წინა ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ევროატლანტიკურ რეგიონში მოკავშირეები აქტიურად თანამშრომლობენ 16 პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობებისთვის კი, NATO-მ სპეციალური სტრუქტურები შექმნა.
2024 წლის ანგარიშის თანახმად, NATO-სა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობა გაგრძელდა, საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდისთვის.
აღნიშნული იყო ისიც, რომ 2024 წელს საქართველო მონაწილეობდა პოლონეთში გამართულ წვრთნებში (CWIX24), ასევე რუმინეთში NATO-ს საზღვაო წვრთნებში.
ეწერა, რომ NATO-ს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში გრძელდება, თბილისში მდებარე ალიანსის სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით.
ამასთან, როგორც გენერალური მდივნის 2023 წლის ანგარიშში ეწერა, ვილნიუსის სამიტის დეკლარაციამ დაადასტურა, რომ მოკავშირეები საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მიმართ ერთგულნი რჩებიან.




























