ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, რამიშვილის დაკავებას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. ჭკადუა მომხდარს „გაუთვალისწინებელ შეცდომად“ აფასებს და აღნიშნავს, რომ დეტალებზე მოგვიანებით ერთობლივი განცხადება გაკეთდება. ჭკადუამ მოკლე კომენტარი რამდენიმე სხვადასხვა მედიასთან გააკეთა.
bm.ge დამატებითი კითხვებით ცდილობს ადვოკატთან დაკავშირებას.
„მოხდა ასეთი გაუთვალისწინებელი შეცდომა. დეტალებთან დაკავშირებით მოგვიანებით გავაკეთებთ ერთობლივ განცხადებას. დაკავებას არაფერს უკავშირებს, რას უნდა უკავშირებდეს. არანაირი კავშირი პოლიტიკასთან ამ ფაქტს არ აქვს“, - ამბობს ჭკადუა.
მისივე თქმით, „პარიზის აეროპორტიდან იარაღის წაღება შეუძლებელი იყო. საუბარია კანონიერი იარაღის შენახვის უფლებაზე. გამოძიებას მისცემს ჩვენებას, თუ როგორ და რანაირად მოხდა ეს. ამის შესახებ მოგვიანებით იქნება ცნობილი.“
ჟურნალისტის კითხვაზე, „ჩანთა შეეშალა?“ ადვოკატმა უპასუხა: „ფაქტია, დიახ, მსგავსი რამ მოხდა.“
„ბატონი გიორგი რამიშვილი აუცილებლად გააკეთებს განმარტებას, იქნება პროცესზე თუ განცხადების სახით, ამას თავად გადაწყვეტს“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტის“, „ევრონიუს ჯორჯიასა“ და სხვა არაერთი კომპანიის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი 6 ივლისს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გიორგი რამიშვილს აეროპორტში ხელბარგის სკანერით შემოწმებისას აღმოუჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი.
უწყების ცნობით, ამოღებული იარაღი ბიზნესმენის სახელზე იყო რეგისტრირებული, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონდა.




























