მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოკლევადიანი ტურები და ღამის თევა აეროპორტში" - როგორ "იბრძვიან" კომპანიები გადარჩენისთვის?

სოფო დარბაიძე

გამყვან ტურიზმში შემცირებული მოთხოვნისა და გაძვირებული მოგზაურობის ფონზე, საქართველოს ტურისტულ ბაზარზე მოქმედი კომპანიები საქმიანობის გასაგრძელებლად და მომხმარებლის შენარჩუნებისთვის სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. ამის შესახებ ტურისტული კომპანია Milky Way-ს თანადამფუძნებელმა სოფო დარბაიძემ BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" ისაუბრა, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა 2026 წლის 9 თვის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა იყო.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა საზღვარგარეთ მოგზაურობისას 835 მილიონი ლარი დახარჯეს (ზრდა 19%), ხოლო ვიზიტების რაოდენობამ წლიურად 3.1%-ით მოიმატა და 618 200 შეადგინა.

„ოფიციალური რიცხვები არასოდეს ასახავს, თუ როგორ უჭირს ან ულხინს ტურისტულ ბიზნესს… მიმდინარე წელს გამყვან ტურიზმზე მოთხოვნა მკვეთრად არის შემცირებული, რაც უშუალოდ ტურისტული სააგენტოების მიერ ორგანიზებული ჯგუფების რაოდენობაზეც აისახა. მაგალითად, თვეში თუ გვქონდა ხოლმე 2-3 ჯგუფური ტური, ახლა ერთიც გაგვიჭირდა. ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია“, - აცხადებს Milky Way-ს თანადამფუძნებელი.

მისივე თქმით, შექმნილ რეალობაში კომპანიების ნაწილი იძულებულია, პროდუქტის თვითღირებულება მაქსიმალურად შეამციროს, თუმცა ეს ხშირად მომსახურების ხარისხისა და მოგზაურთა კომფორტის ხარჯზე ხდება.

„არიან ტურისტული კომპანიები, რომლებიც ძალიან წარმატებით ოპერირებენ, მაგრამ რის ხარჯზე - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაზე აქტიურ ტურისტულ კომპანიებს, რომლებიც კარგად მუშაობენ, ბოლო ხანებში ვამჩნევ ასეთ რაღაცას: ისეთი მასშტაბით არის ხალხი დაზოგვაზე გადასული, რომ ერთ ღამეს ქუჩაში ათენებენ, პირდაპირი მნიშვნელობით. მაგალითად, შვეიცარიაში მოგზაურობისას, ყოველი მეორე ტურისტული კომპანია ჯგუფური ტურის დროს ბოლო ღამეს ტურისტებს აეროპორტში ათენებინებს, რაც პირადად ჩემთვის წარმოუდგენელია, მაგრამ ამის ხარჯზე ახერხებენ იმას, რომ ამ მიმართულებით ოპერირებდნენ“, - აღნიშნავს სოფო დარბაიძე.

ტურმენეჯერის თქმით, Milky Way-მ მსგავსი მოდელით მუშაობაზე უარი თქვა, რადგან კომპანიისთვის პრიორიტეტული საკუთარი რეპუტაცია და მომხმარებლის კმაყოფილებაა.

სოფო დარბაიძის დაკვირვებით, დაზოგვის კიდევ ერთი გავრცელებული მოდელი მოკლევადიანი, 4-დღიანი ტურების შეთავაზება გახდა. მისი თქმით, წელს კომპანიის ისტორიაში პირველად გაყიდა 4-ღამიანი ტური ვენეციაში, რომელიც ფინანსურად ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა შინაარსობრივად - „ყველაზე ცუდი“.

„კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ძალიან მოკლე ტურების. ზოგადად მიმაჩნია, რომ როდესაც ადამიანი ამხელა ხარჯს იღებს - რაც არის ავიაბილეთის და სასტუმროს ხარჯი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურის ხანგრძლივობა გონივრული იყოს. რაც უფრო ღარიბები ვართ, სულ ვამბობ, რომ მით უფრო მნიშვნელოვანია, თითოეული თეთრის ხარჯვისას კარგად დავფიქრდეთ.

პირველად მქონდა წელს ვენეციაში 4-დღიანი ჯგუფური ტური, რომელიც წარმატებით გაიყიდა, თუმცა, მე ვფიქრობ, ყველაზე ცუდი ტური იყო, რაც კი ოდესმე მქონია. ცუდი არა შესრულების მხრივ, არამედ იმ დანახარჯით, რაც ადამიანმა გაიღო - შეიძლებოდა უფრო მეტი ამოეღო, თუნდაც ერთი-ორი დღით მეტი ხნით რომ წასულიყო. ეს ერთი და ორი დღე ისე არ ზრდის ხარჯებს, რამდენადაც შეიძლება ადამიანებს წარმოუდგენიათ“, - ჰყვება სოფო დარბაიძე.

ჟურნალისტის რეპლიკაზე - „მოგზაურები სწორედ ეკონომიის მიზნით ირჩევენ მოკლე ტურებს“ - ტურმენეჯერმა განაცხადა, რომ მომხმარებლები ხშირად ვერ ითვლიან გზაში დაკარგულ დროსა და რესურსს.

„ადამიანებს ჰგონიათ, რომ მოკლეხნიანი ტურები უფრო ეკონომიურია და ხანგრძლივ ტურში ბევრი დაეხარჯებათ. თუმცა, როდესაც საქმე ქუთაისის აეროპორტიდან გაფრენას ეხება, უმნიშვნელოვანესია დავითვალოთ, რამხელა გზის გავლით აღწევ დანიშნულების ადგილამდე. სტანდარტული ფრენა დაახლოებით, 4.5 საათი გრძელდება, აეროპორტში გამგზავრება 5 საათით ადრე გიწევს, ჩასვლის შემდეგ კი სასტუმრომდე მისვლასაც დრო სჭირდება... ანუ ამ 4 დღიდან პრაქტიკულად 24 საათი გზაში იკარგება. ამას მოგზაურები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, რაც გარკვეულწილად მესმის კიდეც - სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ, მოგზაურობა სურთ, 5-6-დღიან ტურებს კი ფინანსურად ვეღარ სწვდებიან“, - აღნიშნა სოფო დარბაიძემ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები