მოლდოვის პარლამენტმა 60-დღიანი ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც ძალაში 16 დეკემბრიდან შევა. მიზეზი 1 იანვრიდან რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის რისკებია.
საგანგებო მდგომარეობა, რომელსაც მხარი 101-დან 56-მა დეპუტატმა დაუჭირა, მთავრობას საშუალებას აძლევს, სწრაფი რეაგირება მოახდინოს და შეწყვიტოს ენერგიის ექსპორტი. გადაწყვეტილების მიზანი მოლდოვას დნესტრისპირეთის რეგიონისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უზრუნველყოფაა.
საქმე ისაა, რომ მოლდოვაში რუსული ბუნებრივი აირი უკრაინის გავლით შედის, თავის მხრივ კი, უკრაინა რუსულ "გაზპრომთან" სატრანზიტო კონტრაქტის გაგრძელებას 31 დეკემბრიდან აღარ აპირებს.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თხოვნით პარლამენტს პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა მიმართა. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს დნესტრისპირეთის მოსახლეობა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს და "მძევლად აიყვანოს". რეჩანის თქმით, ამის მიზეზი მოლდოვაში დესტაბილიზაციის შეტანაა.
მოლდოვა რუსეთისგან ყოველწლიურად 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იღებს. 2022 წლიდან ცენტრალური მთავრობა და დნესტრისპირეთი შეთანხმდნენ, რომ გაზი, რომელსაც მოლდოვა რუსეთიდან იღებს, დნესტრისპირეთში გადამისამართდება. რეგიონში რუსულ გაზზეა დამოკიდებული მთავარი ელექტროსადგურის მუშაობა, რომელსაც კრიტიკული როლი უჭირავს სეპარატისტული რეგიონის ეკონომიკაში.