მოლდოვაში ისტორიული არჩევნების მეორე დღეა.
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, პროევროპელი მაია სანდუ ლიდერობს, თუმცა პირველივე ტურში გამარჯვება ვერ შეძლო. 20 ოქტომბერს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად სანდუმ ვერ მიიღო გამარჯვებისთვის საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი.
გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, მოლდაველები მთავარ კითხვას სცემენ პასუხს, სურთ თუ არა ევროკავშირის წევრობა. ხმების 99.6% უკვე დათვლილია, რომლის მიხედვითაც დადებითად 50.4%-მა უპასუხა.
2022 წლის ივნისში, ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე მოლდოვას წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს. 2023 წლის დეკემბერში კი, ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრების საკითხზე მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყებას.
მოლდოვის ხელისუფლებამ 2023 წელს დაიწყო მოსკოვის ორბიტაზე შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან (დსთ-დან) ქვეყნის გამოყვანის პროცესი.
BM.GE გთავაზობთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრიოს წევრ ქვეყანასთან ეკონომიკურ კავშირს რიცხვებში:
ვაჭრობა
2024 წლის 9 თვეში მოლდოვასთან სავაჭრო ბრუნვა 64.1%-ით გაიზარდა და 22.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, იმპორტი 13.9 მლნ აშშ დოლარი, ექსპორტი კი, 8.4 მლნ აშშ დოლარია.
TOP-5 საექსპორტო პროდუქტი იანვარ-სექტემბერში:
- მსუბუქი ავტომობილები - $3მლნ დოლარი;
- მინერალური და მტკნარი წყლები - $2.3 მლნ;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $1.4 მლნ;
- ტკბილი გაზიანი სასმელები - $316.7 ათასი;
- ხის სამშენებლო ნაწარმი - $247.7 ათასი;
TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი იანვარ-სექტემბერში:
- მაცივრები, საყინულეები და სხვა სამაცივრო ან საყინულე მოწყობილობები - $9.1 მლნ;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $1.5 მლნ;
- პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურ-ფუნთუშეული - 727.7 ათასი;
- ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - $327.5 ათასი;
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებული - $244.3 ათასი.
ტურიზმი
წელს, სამი კვარტალის მონაცემებით მოლდოვიდან განხორციელებული ვიზიტები 21.3%-ით გაიზარდა და 11 108 ვიზიტორი შეადგინა.
გასულ, 2023 წელს საქართველოს მოლდოვას 12 042 ათასი მოქალაქე სტუმრობდა, რაც გასული წლის მონაცემს 40.7%-ით აღემატებოდა.
FDI და ფულადი გზავნილები მოლდოვიდან ნულოვანია.