მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

არჩევნები მოლდოვაში

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში ხუთი პარტია, ოთხი კოალიცია და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. ისინი 101-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის, ანუ მინიმუმ 51 ადგილის მოპოვებას შეეცდებიან.

ხმის მიცემა დილის 07:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის წევრებს ოთხწლიანი ვადით ირჩევენ. საარჩევნო ბარიერი პარტიებისთვის 5%-ია, კოალიციებისთვის - 7%, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის - 2%.

მოლდოვის მოქალაქეებს ხმის მიცემის შესაძლებლობა საზღვარგარეთაც აქვთ: 41 ქვეყანაში გახსნილია 301 უბანი. ამასთან, პირველად, ფოსტით ხმის მიცემა 10 ქვეყანაში გახდა ხელმისაწვდომი.

მმართველი პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ (PAS), რომელიც პრეზიდენტ მაია სანდუს მიერაა დაფუძნებული, ცდილობს შეინარჩუნოს უმრავლესობა პარლამენტში. დასავლური მედიის ცნობით, პარტიას სერიოზულ კონკურენციას უწევს პრორუსული ოპოზიციური ბლოკი, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის „სოციალისტები“ დომინირებენ.

მოლდოვას ხელისუფლება რუსეთს ადანაშაულებს არჩევნებში ჩარევის მცდელობაში, დეზინფორმაციის გავრცელებით, პარტიების უკანონო დაფინანსებითა და პროტესტების ორგანიზებით. ბოლო კვირების განმავლობაში პოლიციამ უკანონო ფინანსური ოპერაციების გამო არაერთი რეიდი ჩაატარა.

დასავლური გამოცემების შეფასებით, PAS-ის მიერ უმრავლესობის შენარჩუნება მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დააჩქარებს, მაშინ როცა პრორუსული ძალების გამარჯვება ამ პროცესს შეაფერხებს და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის რისკს გააძლიერებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები