ხუთი წლის წინ რომ ვინმეს ეკითხა, საქართველო უფრო წინაა ევროინტეგრაციის თვალსაზრისით თუ მოლდოვაო, უმეტესობა საქართველოს ვუპასუხებდით. დღეს კი, ჩვენ ერთი ნაბიჯით უკან, მოლდოვა კი ერთი ნაბიჯით წინაა. ამაზე ევროკავშირის მხრიდან მკაფიოდ გაცხადებული გადაწყვეტილება მეტყველებს - მოლდოვამ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყო, საქართველოსთან მიმართებით კი ევროპულ ბლოკს ეს პროცესი შეჩერებული აქვს. რით გვჯობნის მოლდოვა? ამ კითხვაზე პასუხი ერთი შეხედვით მარტივია - გეოგრაფიით, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი მოლდოვის მთავრობის მიერ პროევროპული კურსის შენარჩუნებაა, რასაც საქართველოს მთავრობამ უთხრა - არა.