„ბოლო წლებში ჯანდაცვის ბიუჯეტი მშპ-სთან მიმართებაში 2.5- ჯერ გაიზარდა და მშპ-ის 2.5% შეადგინა.“- აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ საქართველოს პარლამენტში წარდგენის დროს გააკეთა. მისი თქმით გაორმაგდა ჯანდაცვის სერვისების მოხმარება. 2015 წლიდან დღემდე გაორმაგდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც იღებს პირველად ჯანდაცვის სერვისებს.
დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯიბიდან გადასახადების წილი 70%-დან შემცირდა 55%-მდე, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება. ჯიბიდან გადახდებში კი დიდ წილს შეადგენს დანახარჯები ამბულატორიულ მედიკამენტებზე.
„ჩვენს მიერ 1 ადამინზე დახარჯულ თანხა ევროში რომ მოგახსენოთ, შეადგენს 120 ევროს, როცა აღმოსავლეთ ევროპაში ერთ ადამიანზე დანახარჯი არის 3 ათასის ფარგლებში, დასავლეთ ევროპაში 5 000-ის ფარგლებში. ისინი 20-ჯერ მეტ თანხას ხარჯავენ, ასე რომ მოლოდინები, რომ ევროპული ხარისხის ჯანდაცვა გვექნება, უნდა იყოს რეალობასთან ახლოს. ასევე გაცნობებთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროგრამების ღირებულება თვეში ერთ ადამიანზე 17-18 ლარის ფარგლებშია. ვერ დამისახელებთ თუნდაც ერთ სადაზღვევო კომპანიას, რომელიც ამ ან თუნდაც 2-ჯერ მეტ თანხად გააკეთებს იგივეს. ასეთი დანახარჯებით ვერ გვექნება მოლოდინი, რომ მალე გვექნება დასავლეთ ევროპული ჯანდაცვის სისტემა“ - განაცხადა დავით სერგეენკომ პარლამენტში.
მისივე განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრაციის ხარჯები 0.7 % -ს შეადგენს.

























