"თიბისი კაპიტალის" პროგნოზით, წლის ბოლოსთვის აშშ დოლართან ლარის გაცვლითი კურსი დაახლოებით 2.8-ს მიაღწევს, ხოლო შემდგომ გამყარდება. ამის შესახებ ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში აღნიშნულია.
მიმოხილვის თანახმად, მოლოდინების ცვლილებისას, სენტიმენტების ფაქტორი ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებს.
"ლარის კურსის კუთხით, ჩვენი, როგორც მიმდინარე ტენდენციის შეფასება, ასევე პროგნოზი უცვლელია. საკუთრივ, საგრძნობლად მომატებულია სენტიმენტების ფაქტორის მნიშვნელობა, რაც, როგორც ჩანს, პოტენციური გაუფასურების მოლოდინების ფონზე ბოლო პერიოდის განმავლობაში იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის მნიშვნელოვან ზრდაში აისახება. თუ სექტემბრის მეორე ნახევრამდე ისტორიულად მაღალი სავალუტო შემოდინებების პარალელურად ეს ლარის გაცვლით კურსს არ გადაეცემოდა და, უფრო მეტიც, სებ-ს აგვისტოში სავალუტო რეზერვების შევსების საშუალებაც კი ჰქონდა, თვის მეორე ნახევრიდან ლარზე ნეგატიური ზეწოლა გაძლიერდა და მცირედ გაუფასურებაში გამოიხატა.
რაც შეეხება პროგნოზს, ის 2024 წლის ბოლოსათვის აშშ დოლართან ლარის გაცვლითი კურსის დაახლოებით 2.8 ნიშნულს, ხოლო შემდგომ ლარის გამყარებას ითვალისწინებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოლოდინების ცვლილებისას, როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, სენტიმენტების ფაქტორი ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებს. ასევე, ჩვენი აზრით, უცვლელია საშუალოვადიან პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის დასუსტების შედარებით მაღალი ალბათობაც",- აღნიშნულია მიმოხილვაში.
ცნობისთვის, 30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ცვლილებამ 0.14 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7314 ლარია.