მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოლოდინი გვაქვს, რომ ამით კომისიის საქმიანობა ამოწურული არაა" - რიჟამაძე ekalata.gov.ge-ს შექმნაზე

ლაშა რიჟამაძე

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელის, ლაშა რიჟამაძის შეფასებით, სახელმწიფო ვებგვერდი, რომელიც "ფასების კომისიის" მუშაობის შედეგად შეიქმნა და სხვადასხვა ბრენდის სუპერმარკეტში ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების შედარების საშუალებას იძლევა, საკმარისი არ არის და ბიზნესი რეალური, სისტემური რეგულაციების მოლოდინშია.

როგორც ლაშა რიჟამაძე, რომელიც "ფასების კომისიის" მონაწილე თავადაც იყო, BM.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მიღწეული შედეგი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც კომისიის მუშაობის საბოლოო წერტილი. მისი თქმით, სადისტრიბუციო სექტორისა და ადგილობრივი მწარმოებლების მოლოდინები ბევრად უფრო მასშტაბურ საკანონმდებლო ცვლილებებს უკავშირდება, რომლებიც ბაზარზე სამართლიან თამაშის წესებს დაამკვიდრებს.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს არ არის საბოლოო, რაც კეთდება. ის, რასაც მთლიანად სადისტრიბუციო სექტორი და ადგილობრივი მწარმოებლები ითხოვენ წლების განმავლობაში და რაც ამ კომისიაზეც გაჟღერდა, არის სამართლიანი სავაჭრო პირობების დამკვიდრებისათვის აუცილებელი რეგულაცია," - აცხადებს რიჟამაძე.

ასოციაციის თავმჯდომარე ხაზს საერთაშორისო პრაქტიკის, კერძოდ კი ევროკავშირის დირექტივების ქართულ რეალობაში გადმოტანის აუცილებლობას უსვამს. მისი აზრით, ეს არის გზა, რომელიც ფასების გრძელვადიან სტაბილურობას უზრუნველყოფს.

რიჟამაძის შეფასებით, ახალი ვებგვერდის ამოქმედებით კომისიის მიერ დასახული ამოცანები ვერ ჩაითვლება ამოწურულად, ვინაიდან დარგი საჭიროებს კონკრეტული სავაჭრო ურთიერთობების სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას. მათ შორისაა გადახდის ვადები, ე.წ. რეტრო-ბონუსების ლიმიტირება და თაროებზე წვდომის წესები.

"იმედს ვიტოვებთ, რომ ეს რეგულაცია მაქსიმალურად მალე იქნება მიღებული. მოლოდინი გვაქვს და ვფიქრობ, რომ ამით არ არის ამ კომისიის საქმიანობა ამოწურული, იმიტომ რომ მოლოდინი სწორედ ასეთი აქვს სექტორს - როგორც სადისტრიბუციოს, ისე ადგილობრივ მწარმოებლებს. აქ არის გადახდის ვადებზე საუბარი, ზედა ზღვრების დადგენაზე, თაროებზე წვდომაზე, რიგი გადასახადების აკრძალვასა თუ სხვა ტიპის რეგულაციებზე, რაც ამ ურთიერთობას აჯანსაღებს და საბოლოოდ დადებითად მოქმედებს მომხმარებელზე", - აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი.

ლაშა რიჟამაძის თქმით, მიუხედავად პარლამენტში განხილული საკითხებისა, "ფასების კომისიის" სხდომების დასრულების შემდეგ, მთავრობას კერძო სექტორთან კომუნიკაცია აღარ ჰქონია.

"კომისიის სხდომის შემდგომ მოლოდინის რეჟიმში ვართ, როგორც მოგვაწოდეს ინფორმაცია, ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ დამატებითი განახლება აღარ გვქონია," - აღნიშნავს იგი.

კონკურენციის სააგენტომ ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდი - ekalata.gov.ge აამოქმედა. ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს. აღნიშნული საიტი წლის ტგანმავლობაში პარლამენტში მიმდინარე ფასების კომისიის შედეგია, რომელიც საქართველოში სურსათზე ფასწრმოქმნის საკითხს იკვლევდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები