კომპანია “ზარაფხანაში” აცხადებენ, რომ მიუხედავად გლობალურად ოქროზე ფასის ზრდისა და პროდუქციის გაძვირებისა, წლიურ ჭრილში გაყიდვების დადებითი დინამიკა ნარჩუნდება.
როგორც თორნიკე სამხარაძემ BMG-ის განუცხადა, გლობალურად ოქროს გაძვირების ფონზე, წელს ჯამურად ოქროს ნაკეთობების 10%-ით გაძვირება მოუწიათ, რაც რიგ თვეებში გაყიდვების დინამიკაზე ნეგატიურად აისახა.
თუმცა მისივე თქმით, წლიურ ჭრილში, სხვადასხვა პროდუქციის ხარჯზე, გაყიდვების 7%-იანი ზრდა უფიქსირდებათ.
“წინა წლებში, 2022-2024 წლებში ყოველი თვე წინა თვესთან შედარებით გაყიდვების ზრდით დავხურეთ. 2025 წელს, გაყიდვების მხრივ შემცირება გვქონდა მაისში, აგვისტოში და ნოემბერში, როდესაც წინა წელთან მიმართებაში მოხდა რეალიზაციის შემცირება. საერთო ჯამში, ნოემბრის ჩათვლით რომ შევადაროთ წინა წელს, მაინც პოზიტიური ცვლილება გვაქვს და გაყიდვები წლიურად 7%-ითაა გაზრდილი.
ჩვენი პროგნოზია, რომ წლევანდელ წელს წინა წელთან მიმართებაში დავხურავთ 11%-იანი ზრდით. ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი არ მოიცავს მხოლოდ ოქროს სამკაულს, ასევე გვაქვს ვერცხლის სამკაული, სუვენირები, ძვირფასი ჭადრაკები, დანები და ჩვენი ლოიალური მომხმარებელი მთლიანი ასორტიმენტის მიმართულებით აქტიურობს. დეკემბრის პირველი ნახევარი რომ შევაჯამოთ, წინა წლის დეკემბერთან მიმართებაში, 4%-იანი ზრდა გვაქვს გაყიდვებში”, - განაცხადა თორნიკე სამხარაძემ.
ცნობისთვის, 2025 წლის განმავლობაში საერთაშორისო ბირჟაზე ერთი უნცია ოქროს ფასი წლიურად 67%-ითაა გაზრდილი და ამ დროისთვის $4,330-ის ფარგლებშია. ძვირფას მეტალზე თვიურ ჭრილში გაძვირება 7%-ია.




























