მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლოდინი, რომ ამ ეტაპზე კვერცხის დამატებით გაიაფებას შევძლებთ, არ გვაქვს - "კუმისი"

კვერცხი

კვერცხის მწარმოებელი კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე პროდუქციის დამატებით გაიაფების რესურსი არ არსებობს.

საქმე ისაა, რომ საქსტატის თანახმად, თებერვალში თვიურ ჭრილში კვერცხი 3.4%-ით იყო გაიაფებული, თუმცა წლიურ ჭრილში ამ პროდუქტზე ფასი 3.6%-ითაა გაზრდილი.

როგორც BMG-ის „კუმისის“ თანადამფუძნებელმა და „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა განუცხადა, ერთი მხრივ ძვირდება მარცვლეული, მეორე მხრივ კი ენერგომატარებლებზე ფასების ზრდაა მოსალოდნელი, რაც წარმოების ხარჯებს დამატებით გაზრდის.

თუმცა ზურაბ უჩუმბეგაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ აღდგომამდე პროდუქციის გაძვირება მოსალოდნელი არაა.

“იანვარში მარცვლეულის გაძვირებიდან გამომდინარე, კვერცხს მოვუმატეთ ფასი. შემდგომში შედგა რამდენიმე შეხვედრა ფასების კომისიასთან და დავინახეთ, რომ მთავრობა იყო მოწადინებული დაგვხმარებოდა ჩვენს მიერ წაყენებულ მოთხოვნებზე, რაც იყო დღგ-სთან დაკავშირებული და სხვადასხვა “ქეშბექებთან” მიმართებაში. როდესაც დავინახეთ, რომ მიდიოდა მუშაობა და შესწავლა, გამოვიყენეთ ყველა არსებული რესურსი და ისევ იგივე მოცულობით, 5.2%-ით თებერვალში დავწიეთ ფასი.

კიდევ 30-ზე მეტი [კვერცხის მწარმოებელი] ფაბრიკაა, რომელიც ასოციაციის წევრი არ არის და შესაბამისად, შესაძლოა, ამ მწარმოებლებმა არ გააიაფეს პროდუქცია 5%-ით, ან პირიქით - საერთოდ არ გააიაფეს. ამიტომაც მივიღეთ თებერვალში [ოფიციალურ სტატისტიკაში] 3%-იანი გაიაფება, 5%-იანი გაძვირების ფონზე.

ასევე, არ გამოვრიცხავ, რომ ფაბრიკა და მიმწოდებელი არაფერ შუაში იყოს, რადგან დახლზე ფასს განსაზღვრავს არა მწარმოებელი, არამედ რითეილერი, შეიძლება ვიღაცამ 7%-ით გააიაფა, ვიღაცამ 3%-ით და საერთო ჯამში გამოვიდა ეს 2%-იანი სხვაობა.

რაც შეეხება მოლოდინებს, ირგვლივ დაძაბული სიტუაციაა. ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გადასახადს გადასახადზე აწესებს მარცვლეულზე და მარცვლეულის ფასი საგრძნობლად არის გაზრდილი. ნოემბრის და დღევანდელ ფასებს შორის თითქმის 25%-იანი ზრდაა. მარცვლეულის გაიაფების პერსპექტივა ახალ მოსავლამდე არ არის. არც ახალი მოსავლის პროგნოზია ამ ეტაპზე ისეთი, რომ იმედი გვქონდეს მაისში ხორბლის გაიაფების.

მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი ფასწარმოქმნის პროცესში არის ლარის კურსი. ახლო აღმოსავლეთის მოვლენებიდან გამომდინარე, ლარის კურსი და მასთან მიბმული საწვავის ფასებიც ცუდი მიმართულებით წავიდა, დოლარი საგრძნობლად გაძვირდა ბოლო დღეებში. საწვავზეც ჯერჯერობით არაფერია სანუგეშო, ნავთობის ფასი მატულობს და 2025 წლის მაქსიმუმს მიაღწია, 80 დოლარს გადასცდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენს ხარჯებზეც. ამიტომ, ოპტიმისტური განწყობა, რომ კვერცხის გაიაფებას შევძლებთ, ამ ეტაპზე არ გვაქვს”, - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

ცნობისთვის, თებერვალში კვერცხის მწარმოებლების ნაწილმა პროდუქციის 5%-ით გაიაფების გადაწყვეტილება მთავრობის და პარლამენტის მიერ სურსათის ფასების საკითხზე კომისიის შექმნის პარალელურად მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები