2024 წლის შეჯამებისას, "დიოს" აღმასრულებელი დირექტორი, თამაზ დაუშვილი BMG-სთან აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელი კომპანიისთვის კარგად დაიწყო და "დიომ" წლის გეგმის შესრულება შეძლო, თუმცა არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე სამომავლო გეგმის შედგენა რთულია.
"2024 წელი კარგად დაიწყო და კარგად მიმდინარეობდა, თუ არ გავითვალისწინებთ, ბოლო ორ თვეს. არჩევნების შემდეგ რა მოვლენებიც განვითარდა, ამან, რა თქმა უნდა, თავისი უარყოფითი როლი შეასრულა. საბოლოო ჯამში, ჩვენმა კომპანიამ დასახულ მიზნებს მაინც მიაღწია, მაგრამ ამას ფონად გასდევდა წლის განმავლობაში, განსაკუთრებით აპრილიდან, არსებული დაძაბულობა და პოლიტიკური სიტუაცია.
სამწუხაროდ, ეს დადებითი, კარგი შედეგები, რომლებიც წელს ჩვენ გვაქვს, არ ვიცით, რამდენად გაგრძელდება მომავალ წელს და რამდენად მოვახერხებთ იმას, რომ გარკვეული პროგნოზები გავაკეთოთ ან პოზიტიურად დავიგეგმოთ. ვაკვირდებით, პროცესები როგორ წარიმართება, რადგან როგორც ყველა საქმეში, ბიზნესშიც ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დაგეგმვა", - ამბობს თამაზ დაუშვილი.
"დიოს" აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ 2025 წლის გეგმაზე კომპანია მომავალი წლის დასაწყისიდან იმუშავებს, თუმცა, პროფილიდან გამომდინარე, "დიოს" გაყიდვები სეზონურობაზეა დამოკიდებული და მოსალოდნელია, რომ წლის დასაწყისი განსაკუთრებულად პასიური იქნება.
"2025 წლის გეგმა არ არსებობს. როგორც წესი, ამ გეგმაზე დეკემბრის ბოლოდან, ძირითადად კი იანვარში ვმუშაობთ და იანვარში იღებს საბოლოო სახეს. ახლა ერთადერთი გეგმა არსებობს, როგორ მოვახერხოთ, რომ ფინანსურად წელში ვიყოთ გამართული და ორი თვის მანძილზე შევძლოთ, როგორც მინიმუმ, ყველა დაგეგმილი სახელფასო ვალდებულების გასტუმრება, რადგან ხარჯი იქნება და მნიშვნელოვანია, რომ შემოსავალიც საკმარისი იყოს.
როგორც წესი, სეზონზე ვართ დამოკიდებული, იანვარ-თებერვალი ნაკლებად აქტიური თვეებია ჩვენი სფეროსთვის, მაგრამ წელს არსებობს მოლოდინი, რომ ეს თვეები განსაკუთრებულად პასიური იქნება. დიდი გაურკვევლობაა ბიზნესში და ადამიანები ხარჯის გაწევისგან თავს იკავებენ, ეს დეკემბრის მეორე ნახევრიდან უკვე შეიმჩნეოდა. მომავალ წელს ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა, მომავალი თვეები იქნება ძალიან მძიმე და, ჩემი აზრით, ძალიან კრიტიკული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ", - ამბობს დაუშვილი.
კითხვაზე, რა სჭირდება ბიზნესს იმისთვის, რომ 2025 წელს განვითარდეს, "დიოს" აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ პრიორიტეტი პოლიტიკური პროცესების დეესკალაცია, რადგან, ამ დრომდე საქართველო მსგავსი პრობლემის წინაშე არასდროს მდგარა.
"ჩვენ გვჭირდება ამ პოლიტიკური კრიზისის დაძლევა. ასეთი შემთხვევა საქართველოში აქამდე არ ყოფილა; ჩვენ სხვადასხვა კრიზისი გავიარეთ, 2003 წლის ცვლილებები, 2008 წლის ომი, 2009 წლის ეკონომიკური ვარდნა, 2012 წლის ცვლილებები და 2013 წლის ეკონომიკური ვარდნა, შემდეგ კოვიდი, მაგრამ მსგავსი შემთხვევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჩვენც უკვე 29 წლის კომპანია ვართ, არ ყოფილა, რომ საქართველოს მმართველები ყოფილიყვნენ სანქცირებულები ან სანქციების საფრთხის წინაშე, ასეთი გაუარესებული ურთიერთობა დასავლეთთან, საფრთხე საგარეო კურსის ცვლილებებით და ა.შ.
ასეთი შემთხვევა არასდროს ყოფილა, რომ ეგზისტენციალური პრობლემა ყოფილიყოს ჩვენს წინაშე, საქართველოს საგარეო კურსზე. ბუნებრივია, ამას უყურებენ ინვესტორებიც, მათ შორის დასავლეთიდან. მათ სხვა მოლოდინები ჰქონდათ, რომ საქართველო იქნებოდა კანდიდატი ქვეყანა, შემდეგ გადავიდოდა შემდეგ ეტაპებზე და ა.შ. ეს შემცირებული ინვესტიციები, არსებული განწყობები, რით შეიძლება ჩანაცვლდეს, არ ვიცი. კარგად ვიცით, რომ საქართველოს ეკონომიკა ვერ განვითარდება უცხოური ინვესტიციების, პირველ რიგში დასავლური, სტაბილური ინვესტიციების გარეშე", - აღნიშნავს თამაზ დაუშვილი.