მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მომავალ კვირას დიდი ბრიტანეთის პრემიერი ჩინეთს ეწვევა

სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი, მთავრობის წევრებთან, მათ შორის, ფინანსთა და ვაჭრობის მინისტრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ეწვევა. სახელმწიფო ვიზიტი მომავალ კვირასაა დაგეგმილი და მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება იქნება.

როგორც Reuters-ის წერს, სტარმერთან და მინისტრებთან ერთად პეკინს ბიზნესისა და კულტურის 50 გავლენიანი წარმომადგენელიც ეწვევა. უცნობია, კონკრეტულად ვინ მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში, თუმცა ცნობილია, რომ გაერთიანებული სამეფოდან ჩინეთში არაერთი წამყვანი ბანკის ხელმძღვანელი ჩავა.

როგორც ირკვევა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიზანი მომსახურების სექტორში სავაჭრო შეთანხმების დადება, ბიზნესისთვის მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის დაწესება და პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის აღიარებაზე მოლაპარაკებების გამართვა იქნება. თუ ეს უკანასკნელი შეთანხმდა, ორი ქვეყანა სამუშაო ძალის გაცვლას გაცილებით მარტივად შეძლებს. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მხარეები პეკინში ისაუბრებენ, ვისკიზე დაწესებული ტარიფების შემცირება იქნება. სავარაუდოა, რომ შეხვედრაზე სხვა არაერთი ეკონომიკური საკითხის განხილვაც იგეგმება, თუმცა ამ მხრივ ინფორმაციას დაუნინგ-სტრიტი ჯერ არ ასაჯაროებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პრემიერ-მინისტრი სტარმერი და მისი კაბინეტი ჩინეთს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების, კერძოდ, ჯაშუშური ქსელების არსებობის გამო აქტიურად აკრიტიკებდა. დაუნინგ-სტრიტი ოფიციალურ პეკინს ინდუსტრიული მიმართულებით ჭარბი წარმოების გამოც აკრიტიკებდა. განმარტებისთვის, სახელმწიფო სუბსიდიების მქონე კომპანიები დაგეგმილზე მეტ პროდუქციას ქმნიან და შემდეგ მას საერთაშორისო ბაზარზე იმაზე გაცილებით იაფად ყიდიან, ვიდრე კონკურენტებმა, თუნდაც დიდმა ბრიტანეთმა შეიძლება გაყიდოს. შესაბამისად, ჭარბი მიწოდებით ინგლისური ინდუსტრიული კომპანიები ზარალდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები