პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკის სექტორში მთელ რიგ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად მიმართა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ BM.GE-ს განუცხადა, პარლამენტში მომავალ კვირას სავარაუდოდ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა მივა და ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მას დეპუტატების კითხვების მოსმენა მოუწევს, საქართველოს მთავრობასა და „გაზპრომ-ექსპორტს“ შორის რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობებია.
„გაზპრომთან“ დაკავშირებით, უკვე რამდენი ხანია, შეკითხვები ტრიალებს და მე მგონი, სჯობს, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ და რაც სათქმელია, ითქვას. თუ არის მიზეზი, რის გამოც, რაიმეს თქმა არ არის კანონიერების ფარგლებში, ესაც მკაფიოდ განისაზღვროს და გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს „გაზპრომის“ თემა“, - განაცხადა კაკულიამ.
კითხვაზე - იყო თუ არა მისთვის საკმარისი ეკონომიკის მინისტრის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული გაზი საქართველოში ენერგეტიკული სექტორის დივერსიფიკაციისთვის შემოდის, კაკულიამ პასუხად აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც პარლამენტი დამატებით განმარტებებს ითხოვს.
„დამატებითი შეხვედრა სწორედ იმიტომ მოვითხოვეთ, რომ დეპუტატებს სურვილი, უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ, მათ შორის, ამასთან დაკავშირებით და ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც საკომიტეტო მოსმენა მოხდება“, - განმარტა რომან კაკულიამ.
გარდა ბუნებრივი გაზის იმპორტის და ბაზრის ლიბერალიზაციისა, კომიტეტის თავმჯდომარეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან სხვა კითხვებიც აქვს.
„ეს შეხვედრა იქნება მინისტრის საკომიტეტო მოსმენის გაგრძელება, სადაც ერთ-ერთი, რაზეც ყურადღება გამახვილდა, ელექტროენერგიის შემოტანასთან დაკავშირებული თემა იყო, კერძოდ, რამდენ კომპანიას შემოაქვს საქართველოში ელექტროენერგია და როგორ ფორმირდება გადასახადი, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა იხდის; მოგების კოეფიციენტი როგორი იყო ბოლო წლის განმავლობაში და ამ მოგების დათვლა რა პრინციპით ხდება. ასევე იყო საკითხი ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით - გაუძვირდება თუ არა მათი მოსაზრებით იმ სუბიექტებს, რომლებიც საკუთარ ბინას კომერციული მიზნით აქირავებენ და საშემოსავლოს იხდიან? გარდა ამისა, „ენგურჰესთან“ დაკავშირებით იყო საკითხები - სპეციალური სადგური უნდა აშენებულიყო, რომლის მიხედვითაც წყლის მიწოდების ალტერნატიული სისტემა იყო, რაც შეჩერდა და რატომ შეჩერდა?“, - კითხულობს დეპუტატი და აცხადებს, რომ ამ თემებს დაგეგმილ საკომიტეტო მოსმენაზე დააზუსტებს.

























