მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალ წელს სახელმწიფო ელექტროსისტემამ შესაძლოა, ბონდები გამოუშვას - კაკაურიძე

ელექტროსისტემა

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მომავალ წელს, სახელმწიფო ელექტროსისტემამ შესაძლოა, ბონდები გამოუშვას.

BMG დაინტერესდა, თუ რა ოდენობის ბონდებს გამოუშვებს სახელმწიფო ელექტროსისტემა, რაზეც კაკაურიძემ აღნიშნა, რომ ბონდების გამოშვებას ბევრი მუშაობა სჭირდება, მათ შორის ინვესტორების დაინტერესება და უფრო კონკრეტული პასუხის გაცემა ამ ეტაპზე არ შეუძლია.

„სახელმწიფო საწარმოები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დაწყებულია რამდენიმე საწარმოში. რაც შეეხება მფლობელობის საკითხს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა პრაქტიკები, პრაქტიკაში არის ის, რომ ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, პოლიტიკის განმახორციელებელი უწყებების დაქვემდებარებაში იყოს და ზოგიერთ შემთხვევაში დამოუკიდებელი სტრუქტურის ქვეშ არიან. კონსულტაციები კიდევ მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება ამაზე მიღებული არ არის. არსებული სტრატეგიის მიხედვით, 50%-იანი წილი საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორისაა. თუმცა ეს შეიძლება არ იყოს საბოლოო გადაწყვეტილება. ოქტომბერში, სავალუტო ფონდის შეხვედრების შემდეგ დამატებით კონსულტაციები გვექნება მათთან, ტექნიკური დახმარების მისიასთან ან ახალთან. საბოლოო ჯამში, მივიღებთ გადაწყვეტილებას, დღეს არსებული პრაქტიკა როგორ მუშაობს ორი უწყების მფლობელობაში, რომელ ქვეყანაში რა დადებითი და უარყოფითი გამოცდილებაა, წარვადგენთ ჩვენს მოსაზრებას, შესაბამისად, ვფიქრობთ, წლის ბოლომდე შემუშავებული იქნება ახალი პროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მომდევნო წელს განიხილავს“, - თქვა კაკაურიძემ.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე სახელმწიფო ელექტროსისტემის 50-50%-იანი წილები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების მფლობელობაშია.

„სახელმწიფო საწარმოების რეფორმა დაწყებულია სამზე მეტ კომპანიაში, თუმცა მისი დაწყება არ ნიშნავს, რომ ერთ წელიწადში დიდ შედეგებს მივიღებთ. პირველი საწარმო იყო ელექტროსისტემა და უკვე ვლაპარაკობთ, რომ მომდევნო წელს ელექტროსისტემამ ბონდები დამოუკიდებლად გამოუშვას, სუვერენული სესხის აღება და მათ შორის, შეიძლება სახელმწიფოს მიმართ არსებული ვალდებულებების გადაფარვაც შეძლოს. ეს არის ის, რა შედეგიც საბოლოოდ რეფორმამ უნდა მიიღოს.

ყველა მსხვილი საწარმო უნდა მოექცეს ამ რეფორმის ქვეშ. კონკრეტულ ვადებს ვერ გეტყვით. ეს მოხდება აეროპორტების გაერთიანებაშიც, რკინიგზაშიც და ყველა იმ მსხვილ საწარმოში, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის“, - თქვა კაკაურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები