"დიდველის მთაზე წლებია ქარის პრობლემაა, თუმცა წელს დაემთხვა, რომ თითქმის მთელი არდადეგების პერიოდში, ყველაზე მაღალი სეზონის დროს, ბაკურიანში ქარის გამო გამორთული იყო საბაგიროები და დიდი დატვირთვა გადავიდა როგორც კოხტა მიტარბის მთებზე, ასევე მოძრაობაზე და შედეგად მივიღეთ ქაოტური ვითარება", – ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორმა თეიმურაზ გამცემლიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ეს პრობლემა მხოლოდ მაშინ მოგვარდება, როდესაც კოხტა-მიტარბის მთების სრულად ათვისება და ახალი სასრიალო არეალების შექნა მოხდება.
"ქარს სამაგიეროდ ბევრი ბენეფიტი აქვს. მაგალითად, შეიძლება 20 სანტიმეტრი თოვლი იყოს ყველა მთაზე, რაც პრაქტიკულად არ იძლევა სრიალის საშუალებას ტრასებზე, მაგრამ დიდველზე ამ ქარიანობის გამო თოვლი ნაწილდება და გვაქვს იდეალური საფარი, რაც ჩვენი მთავარი უპირატესობაა", - განაცხადა გამცემლიძემ.
მან ასევე ისაუბრა სხვა პრობლემებზეც, მათ შორის, საავტომობილო მოძრაობაზე, რომელიც მთავარი გამოწვევაა ყველა კუროორტზე. ასევე პრობლემაა საპირფარეშოების ნაკლებობაც, რომელიც სავარაუდოდ მიმდინარე წელს მოგვარდება.
"ბაკურიანში აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით იწყება დიდი პარკინგის პროექტირება, რომელიც სავარაუდოდ მომდევნო წელს დასრულდება. ასევე კეთდება შემოვლითი გზაც და მოწესრიგდება მთლიანი სატრანსპორტი ქსელი ბაკურიანში", - აღნიშნა თეიმურაზ გამცემლიძემ.
მისივე თქმით, მსგავსი პროექტის განხორციელება გუდაურშიც იწყება, რაც გულისხმობს, რომ თბილისიდან ასული დამსვენებელი ერთ სივრცეში დააპარკინგებს მანქანას და საბაგიროს დახმარებით სასრიალო არეალში ავა.

























