"წინამორბედებისგან ძალიან სავალალო მდგომარეობაში მყოფი მეტროპოლიტენი გადმოვიბარეთ", - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტის" ეთერში თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, გასულ წელს 20 მეტროსადგურის მოდერნიზება მოხდა, მომავალ წელს კი 30 ვაგონის მოდერნიზებაა დაგეგმილი.
გარდა ამისა, მომავალი წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებულია მეტროს რამდენიმე სადგურის განახლებისთვის და იქ არსებული, როგორც ტექნიკური, ასევე ვიზუალური მხარის გასაუმჯობესებლად. მერის განმარტებით, პირველ რიგში, ეს იქნება მეტრო სადგური "ავლაბარი" და "გურამიშვილი", რადგან ისინი ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი სადგურებია.
"სხვა საგდურების პროექტირება მიმდინარეობს და საპროექტო ორგანიზაციების მიერ დადებული დასკვნების საფუძველზე შემდეგ უკვე სხვა სადგურების მოდერნიზაციაც მოხდება.
მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლება გაგრძელდება და მარტის ბოლომდე ჩვენ მთლიანად იმ 143 ახალ ავტობუსს მივიღებთ, რომელზეც ხელშეკრულება უკვე დადებულია და პირველი ათი ერთეული უკვე დედაქალაქის ქუჩებში დადის. ეს პროცესი მომდევნო წელსაც ინტენსიურად გაგრძელდება და მუნიციპალური ტრანსპორტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება", - განაცხადა ნარმანიამ.

























