ჭიათურა სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალს Adventure 2022 მასპინძლობს. სტუმრებს სიტყვით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) დირექტორის მოადგილე პეტრე კანკავამ მიმართა.
მისი თქმით, ჭიათურას საქართველოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ზონად ჩამოყალიბების დიდი პოტენციალი აქვს. ამაში კი, თავის წვლილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც შეიტანს, რომელსაც მისი მოსაზრებით, იმერეთის რეგიონში და ზოგადად, მთელს საქართველოში ჩამომყვანი, ისე გამყვანი ტურიზმის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია.
"მიხარია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საერთაშორისო ტურისტული ფესტივალის მხარდამჭერია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ტურისტები, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით ისარგებლებენ და მომავალ წელს ჩვენ მილიონზე მეტს მგზავრს ველოდებით, მათი დიდი ნაწილი ჭიათურაში ჩამოვა და დაათვალიერებენ ამ უნიკალურ ლანდშაპტს, კულტურული მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშებს და ამით მეტი შემოსავალი გაუჩნდება რეგიონს," - განაცხადა პეტრე კანკავამ.
ინფორმაციისთვის: საერთაშორისო ტურისტული ფესტივალი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ და მისი ქვე- ბრენდის Imereti Tour-ის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. სამი დღის მანძილზე ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა ექსტრემალური სპორტის სახეობაში ჩაერთონ.
Adventure 2022 დღეს, ფესტივალის ორგანიზატორმა ნატალია პატარიძემ გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე ფესტივალი მხარდამჭერმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა მიიღეს.

























