ველნეს კურორტ „ბიოლის” დამფუძნებლის, თამაზ მჭედლიძის განცხადებით, ობიექტი მომავალი წლიდან განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.
როგორც ის BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, ველნეს კურორტში, რომლის მთავარი მიზანი სამკურნალო მიმართულებით მომსახურება და ადამიანების ჯანმრთელობის გაჯანსაღებაა, უკვე 51 მილიონი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. მომავალი წლიდან კი კომპლექსის დამფუძნებელი, ობიექტში ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს.
მისი თქმით, „ბიოლი“ უკვე 20 წელია ეტაპობრივად იზრდება, თუმცა მოგების მიღებას კიდევ მინიმუმ ათწლეული სჭირდება.
"ბიზნესად რომ განმეხილა, კაპიკი ფული არ უნდა ჩამედო. ამ სივრცეში 51 მილიონი დოლარი უკვე მაქვს ჩადებული, რომელსაც ამ პრინციპით ვერასდროს ამოვიღებ. ასეთი პროექტი ბიზნესურად არ არის მოგებიანი.
ჯერ მხოლოდ 17 კოტეჯი გვაქვს, რაც დაუშვებელია, რომ ამან იმუშაოს. ამიტომ, მომავალი წლიდან დავიწყებთ ულამაზესი აუზის მშენებლობას, თავისი აკვა აერობიკის სერვისით და საპროცედუროებით. ამ პროექტზე დაახლოებით 4 მლნ დოლარი უნდა დაიხარჯოს. მინდა ისეთი კურორტი შევქმნა, შვეიცარია რომ მიმიქარავს", – ამბობს ბიზნესმენი და დასძენს, რომ 2027 წლიდან განვითარება კიდევ უფრო მასშტაბურ ფაზაში შევა. დამფუძნებელი გეგმავს მაღალი კლასის 25 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას, რაც დამატებით 8 მილიონ დოლარს მოითხოვს. პარალელურად, იგეგმება კლინიკის აშენებაც – 5 მილიონი დოლარის ინვესტიციით.
ჭელიძე განმარტავს, რომ პროექტის განვითარება დიდწილად იმ დივიდენდებით ფინანსდება, რომელსაც ის რუსეთში არსებული საკუთარი კლინიკიდან იღებს. ამ თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი „ბიოლის“ განვითარებაში მიემართება, რათა კურორტმა მსოფლიო დონის ველნეს სივრცეებს კონკურენცია გაუწიოს.
ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, თამაზ ჭელიძე გეგმავს მშობლების გაზრდილი ინტერესის საპასუხოდ, შაბათობით, 11:00–12:00 საათამდე, სატესტო რეჟიმში საექსკურსიო პროგრამა დაიწყოს. მისი ინიციატივით, „ბიოლი“ მშობლებსა და ბავშვებს სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლებს, ხოლო ექსკურსიას პირადად ჩაატარებს.




























