2026 წლიდან "რიკო ექსპრესი" საქართველოში შვეიცარიაში წარმოებული ოქროს ექსპორტს დაიწყებს. როგორც "რიკოს" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილმა "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებას ხელს შეუწყობს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილება, რომლითაც ოქროს იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდა.
ფინანსთა სამინისტროს ამ ინიციატივაზე საუბრისას, ლაშა ნიკოლაიშვილმა თქვა, რომ საკანონმდებლო ცვლილებით საქართველოს მიეცემა შანსი, "ოქროს ჰაბი" გახდეს.
"მინდა მივესალმო მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ არსებული პროდუქტი განთავისუფლდა დღგ-ს გადასახადისგან. გადაწყვეტილება ნამდვილად პრაგმატულია, იმიტომ რომ საქართველოს მიეცემა შანსი, გახდეს ჰაბი, რაც რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარეობს: პირველი არის ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა, რომელიც არის ევროპის და აზიის გადაკვეთა; მეორე არის არსებული სტაბილური სიტუაცია ქვეყანაში; და მესამე - განვითარებული საბანკო სისტემა.
აღსანიშნავია, რომ შვეიცარია გახლავთ ყველაზე დიდი ოქროს დეპოზიტარი მთელ მსოფლიოში და შვეიცარიაშიც ოქრო, როგორც საინვესტიციო აქტივი, არის დღგ-სგან განთავისუფლებული და ასევე ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში. მე აქ დამატებით რისკებს ნამდვილად ვერ ვხედავ. წლების განმავლობაში ასევე დაიძრა მოსახლეობის მიერ ოქროს ზოდების შესყიდვა, ამიტომ ნამდვილად სასიხარულო ამბავი იყო, რომ ეს მოხდა. ჩვენც უკვე ვაპირებთ მომავალი წლიდან ამ მიმართულებით ჩავერთოთ. რიკოს გააჩნია ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი დონის საცავი, სადაც განთავსდება არსებული აქტივი. გვაქვს კონტრაქტები შვეიცარიის საერთაშორისო მწარმოებელთან და ჩვენ მომავალ წლიდან დავიწყებთ ზუსტად ამ ოქროს იმპორტს ქვეყანაში. ეს დადებით ფაქტორად შეიძლება იყოს განხილული, გამომდინარე იქიდან, რომ ტექნიკურად იქნება საშუალება, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ინვესტიცია ოქროს სახით, რაც ძალიან მისასალმებელია", - განაცხადა ლაშა ნიკოლაიშვილმა.
წამყვანის კითხვაზე, რა გამოწვევები შეიძლება არსებობდეს ამ გადაწყვეტილების ფონზე, განსაკუთრებით რეგულირების ნაწილში, საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდების მცდელობების კონტექსტის გათვალისწინებით, "რიკოს" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს რისკები გადაზღვეულია როგორც სებ-ის, ისე საერთაშორისო მწარმოებლების მიერ.
"საერთაშორისო სისტემების მიერ აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობა ითვლება ყველაზე მკაცრად და საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს მიღებული. ნებისმიერი აქტივი, ეს შეიძლება იყოს ოქრო, ან ნებისმიერი სახის ვალუტა, დღესდღეობით საკმაოდ მყარად რეგულირდება ქვეყანაში. მე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მყარი ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენელი, შემიძლია ვთქვა, რომ დღესდღეობით ჩვენი მონიტორინგის სამსახური თავის მოწოდების სიმაღლეზე არის.
გარდა ამისა, თვითონ ოქროს ზოდი წარმოადგენს ძალიან კონტროლირებად პროდუქტს. კერძოდ, ახლა ჩვენ დაახლოებით 1.5 წელია ვმუშაობთ ამაზე და დაგვჭირდა, რომ ანგარიში გაგვეხსნა არსებულ კომპანიასთან შვეიცარიაში, რომელიც ყველაზე დიდი მწარმოებელია. მათი თითოეული ზოდი არის დანომრილი და ზუსტად იციან, ვინ არის მესაკუთრე. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ძალიან კარგად კონტროლდება", - განაცხადა ლაშა ნიკოლაიშვილმა.
2026 წლიდან საქართველოში ოქროს ზოდებისა და საინვესტიციო მონეტების მიწოდება და იმპორტი დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება - აღნიშნულს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები ითვლისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია ფინანსთა სამინისტრო, უწყების მიერ მომზადებული განმარტებითი ბარათის თანახმად, ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო ნორმები არ უწყობენ ხელს საქართველოს რეგიონულ ოქროს ჰაბად გარდაქმნას, ამიტომაც ამ მიმართულებით ვაჭრობის მაჩვენებლები დაბალია.




























