მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მომდევნო 10 წელიწადში, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი EU-ის წევრობა და შუა დერეფანია” - ჯორჯ ველტონი

AmCham

ამერიკის სავაჭრო პალატა შუა დერეფნის განვითარებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის. AmCham-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯორჯ ველტონი ამბობს, რომ ინვესტორთა საბჭოზე გაერთიანების აღნიშნული ინიციატივის წამოყენება, დღის წესრიგში შუა დერეფნის ეკონომიკური მნიშნელობიდან გამომდინარე დადგა.

BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკაში” ის სამუშაო ჯგუფის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი EU-ის წევრობა და შუა დერეფანია.

“სამუშაო ჯგუფი შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს, ექსპერტული და ტექნოლოგიური ცოდნა, როგორც კერძო სექტორს, ისე საქართველოს მთავრობას გავუზიაროთ. მთავარი მიზეზი, რის გამოც მისი შექმნა გვინდა ისაა, რომ თუ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას დავაკვირდებით, მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი იკვეთება: ევროკავშირის წევრობა და შუა დერეფანი. ამ საკითხის გარშემო საუბრები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და ვფიქრობ, რომ იმედის მომცემი ინიციატივაა”, - ამბობს ჯორჯ ველტონი.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შუა დერეფნის, და მათ შორის საქართველოს, როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც შესაბამისი კოორდინაცია სჭირდება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე.

“რუსეთის უკრაინაში შეჭრა და საქართველოსთვის ევროკავშირის პოტენციური წევრობა ის ფაქტორებია, რამაც ერთგვარად გარდაქმნა სიტუაცია და თქვენს ქვეყანაზეც დიდი გავლენა იქონია. დიდი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით კი ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ, იქნება ეს რკინიგზა, საზღვაო პორტი თუ სხვა.

ფორმდება საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც რეგიონის ქვეყნებს შორის კოორდინაციის ზრდას უწყობს ხელს, თუმცა შიდა კოორდინაციაც საჭიროა. რისთვისაც კერძო სექტორმა სახელმწიფოსთან უნდა ითანამშრომლოს”, - აღნიშნავს AmCham-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ჯორჯ ველტონის თქმით, სამუშაო ჯგუფი სხვადასხვა მნიშვნელოვანი სფეროს, მათ შორის სასამართლო, სამშენებლო თუ საწარმოო ინდუსტრიების, ექსპერტებისგან დაკომპლექტდება, რაც მათ საშუალებას მისცემს, ექსპერტული ცოდნა სხვადასხვა სფეროდან მონაწილე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარონ.

ცნობისთვის, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობისთვის ბიზნესის წარმომადგენლებისგან სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა AmCham-ის პრეზიდენტმა 22 მარტს გამართულ ინვესტორთა საბჭოს შეხვედრაზე წარადგინა, რასაც საქართველოს ბიზნესასოციაციებთან ერთად, პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები