მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომდევნო წლებში მწვანე ბარათის შევსება შესაძლოა $250 გახდეს - "იკონსული"

მწვანე ბარათი

მიმდინარე წლის ოქტომბრიდან მწვანე ბარათთან დაკავშირებით აპლიკანტების განაცხადების მიღება უნდა დაწყებულიყო, თუმცა გათამაშება, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი ელოდა გადაიდო. იყო ვერსიები, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2027 წლის საიმიგრაციო ვიზის გათამაშებაზე რეგისტრაცია მთავრობის ე.წ. შათდაუნის გამო არ გახსნა, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ მიზეზი პროგრამაში მონაწილეობის წესების ცვლილებაა. შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობას მწვანე ბარათის მიღების პროცედურებში ცვლილება შეაქვს. სახდეპის ცნობით, სარეგისტრაციო პერიოდის დაწყების თარიღი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

რაც შეეხება ცვლილებებს, რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ მწვანე ბარათის გათამაშებაში რეგისტრაცია ფასიანი გახდა და $1-ით განისაზღვრა. გარდა ამისა, თაღლითური სქემების თავიდან ასაცილებლად, აპლიკანტი უკვე ვალდებულია პასპორტის საინფორმაციო გვერდი განაცხადის შევსების ბოლოს ატვირთოს.

როგორც სავიზო პროცესებთან დაკავშირებული სერვისების კომპანიაში, “იკონსულში” BMG-სთან აცხადებენ, როგორც წესი, რეგისტრაციის პროცესი ოქტომბერში იწყება და ნოემბრის ჩათვლით გრძელდება, შედეგების შესახებ ცნობილი კი მაისში ხდება. გადავადდება თუ არა პასუხების გამოცხადება - ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამ ეტაპზე ცვლილებები მხოლოდ რეგისტრაციის დაწყების ვადას შეეხო. “იკონსულში” იმასაც აღნიშნავენ, რომ შესაძლოა რეგისტრაციის ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდოს.

“ცვლილებები სატესტო რეჟიმით იმოქმედებს, რადგან მოსალოდნელია, რომ “მწვანე ბარათთან” დაკავშირებით გარკვეული სიახლეები კიდევ იყოს. წელს “მწვანე ბარათის” რეგისტრაციის ღირებულებად $1 განისაზღვრა, თუმცა მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლებში ფასმა $250-მდე მიაღწიოს. ამის შესახებ, კონგრესის მიერ განხილული კანონპროექტის სამუშაო ვერსიაშია აღნიშნული. თუმცა ეს დამუშავების პროცესშია, საპილოტეა, ამიტომ დაველოდოთ სახელმწიფო დეპარტამენტის განაცხადს," - აღნიშნავს “იკონსულის” დამფუძნებელი თინათინ გოგუაძე.

ინფორმაციისთვის: მრავალფეროვნების საიმიგრაციო ვიზის პროგრამა კონგრესმა 1990 წელს დაიწყო. ის წელიწადში 55 000 ვიზის გაცემას ითვალისწინებს. აპლიკანტებმა, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, უნდა დააკმაყოფილონ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის საშუალო სკოლის განათლება ან ორწლიანი სამუშაო გამოცდილება.

მწვანე ბარათის გათამაშებაში ყოველწლიურად საშუალოდ 25 მილიონი ადამიანი მონაწილეობს, თითო ქვეყანაზე კი ვიზების საერთო რაოდენობის დაახლოებით 7%-ია განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები