მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მომდევნო თვეებში ინფლაცია კვლავ გაიზრდება, წლის ბოლოსთვის კი შენელდება - თიბისი კაპიტალი

ინფლაცია

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მომდევნო თვეებში ინფლაცია კვლავ გაიზრდება, წლის ბოლოსთვის კი, საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, მცირედით შენელდება და, დაახლოებით, 4.5%-ს მიაღწევს. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის ყოველთვიური მაკროეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული.

გასული თვეების დინამიკის მსგავსად, ინფლაცია კვლავ მზარდია და ივლისის მდგომარეობით წლიურად 4.3%-ს გაუტოლდა, ხოლო აგვისტოში - 4.6%-ს. „ინფლაციის ტრაექტორია ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია“, - აღნიშნულია მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში.

თიბისის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ინფლაციის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მომსახურების გაძვირებას უკავია.

„წლიური ინფლაციის აჩქარების საპირისპიროდ, თვიურ ჭრილში ინფლაციური ზეწოლის კლებაზე მიუთითებს ანალიტიკური საზომები, როგორებიცაა სეზონურად შესწორებული ყოველთვიური ინფლაცია და სხვადასხვა მეთოდით გაანგარიშებული საბაზო ინფლაცია. მომსახურების ინფლაცია, რომელიც ინფლაციური მოლოდინებისა და გრძელვადიანი ტენდენციის შეფასებისთვის ყველაზე შესაფერისია, რადგან ნაკლები მერყეობითა და იმპორტული კომპონენტის შედარებით მცირე წილით ხასიათდება, მიმდინარე წელს ჯამური მაჩვენებლის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ამასთან, საყურადღებოა, რომ მომსახურების ფასების ზომიერი ზრდა, თუნდაც მიზნობრივ მაჩვენებელზე მეტად, აუცილებლად ინფლაციურ ზეწოლაზე არ მიუთითებს, რადგან განვითარებად ეკონომიკებში მწარმოებლურობის დონის ზრდას არავაჭრობად სექტორებში ფასების ზრდა კანონზომიერად მოსდევს. მომსახურებასთან ერთად, გაზრდილია საქონლის ინფლაციაც, დიდწილად სურსათის ფასების მნიშვნელოვანი მატების გამო. ამავდროულად, ინფლაციის ზრდა ადგილობრივად წარმოებული და შერეული პროდუქტებით არის განპირობებული, იმპორტული პროდუქციის მხრივ კი დეფლაცია ფიქსირდება. ამდენად, სურათი განსხვავებულია 2021-2022 წლების ეპიზოდისგან, როდესაც ინფლაციის ზრდის მთავარი წყარო იმპორტული საქონელი იყო.

როგორც არაერთხელ აღინიშნა, ინფლაციური ზეწოლის დამატებით მნიშვნელოვანი გაძლიერების შემთხვევაში, რაც, ვფიქრობთ, რომ სადღეისოდ საბაზო სცენარი არაა, უცხოური ვალუტის არსებული სიჭარბე, სავარაუდოდ, ლარის უფრო მეტ სიმყარეში აისახება“, - განმარტავენ მაკროეკონომიკური მიმოხილვის ავტორები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები