ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ უარყო ისლამურ რესპუბლიკაში 28 დეკემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციებისას მასობრივი მსხვერპლის შესახებ გავრცელებული ცნობები და ნებისმიერი მკვლელობა „ისრაელის შეთქმულებას“ დააბრალა. მისი თქმით, აღნიშნული ქმედებების მიზანი დიდი რაოდენობით მსხვერპლის შექმნა იყო. ამის შესახებ არაყჩიმ FOX News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომლის მიხედვითაც ირანში დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა 2 500-დან 12 000-მდე მერყეობდეს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გარდაცვლილია ასობით ადამიანი. მისი თქმით, ეკონომიკურ საკითხებზე დაწყებული მშვიდობიანი საპროტესტო აქციები დაახლოებით ათი დღის შემდეგ ძალადობრივ ფაზაში გადავიდა, მას შემდეგ, რაც, არაყჩის განცხადებით, აქციებში „გარედან შემოსული ტერორისტული ელემენტები“ ჩაერთნენ.
„მათ დაიწყეს სროლა პოლიციის, სამართალდამცავებისა და უსაფრთხოების ძალების მიმართულებით. ეს იყო „დაეშის“ სტილის ტერორისტული ოპერაციები“, - განაცხადა არაყჩიმ და დასძინა, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში ირანის უსაფრთხოების ძალები „ფაქტობრივად ტერორისტების წინააღმდეგ იბრძოდნენ და არა მომიტინგეების“.
მან კვლავ გაიმეორა ირანის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია, რომლის მიხედვითაც, „თაღლითმა და ტერორისტების მსგავსმა აქტორებმა“ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით სროლა დაიწყეს იმ მიზნით, რომ კონფლიქტში შეერთებული შტატები ჩართულიყო.
„მათ სურდათ მსხვერპლის რაოდენობის გაზრდა. რატომ? იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა – თუ მკვლელობები მოხდება, ის ჩაერევა. სწორედ ამიტომ დაიწყეს ჩვეულებრივი ადამიანებისა და პოლიციელების მკვლელობა და სხვადასხვა ქალაქში ერთგვარი საბრძოლო მოქმედებები“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
არაყჩის მტკიცებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარი სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში სიმშვიდეა.
„ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას. იმედი ვიქონიოთ, რომ სიბრძნე გაიმარჯვებს. ჩვენ არ ვცდილობთ დაძაბულობის მაღალი დონის შექმნას, რაც ყველასთვის კატასტროფული შეიძლება აღმოჩნდეს“, – განაცხადა მან.
13 იანვარს დონალდ ტრამპმა ირანელებს მოუწოდა, გააგრძელონ საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით და აღნიშნა, რომ „დახმარება გზაშია“. ამავე განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანელ ოფიციალურ პირებთან ყველა შეხვედრა გააუქმა, „სანამ მომიტინგეების უაზრო მკვლელობა არ შეწყდება“.
ირანში უკვე ორი კვირაა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს, რომლის მთავარი მიზეზი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ HRANA-მ 13 იანვარს, გვიან ღამით განაცხადა, რომ ქვეყანაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 571-ს მიაღწია. ორგანიზაციის ინფორმაციით, დადასტურებულია 2 403 მომიტინგის, ხელისუფლებასთან დაკავშირებული 147 პირის, 12 ბავშვისა და 9 შემთხვევითი გამვლელის გარდაცვალება. ამასთან, HRANA იუწყება 18 434 დაკავებულის, ტელევიზიით გადაცემული იძულებითი აღიარების 97 შემთხვევისა და მძიმე დაზიანებების შესახებ მიღებული 1 134 შეტყობინების შესახებ.




























