მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მომიწესრიგეთ გზა, ნაგვის ურნა, საპირფარეშო და მე მოვაწესრიგებ ტურიზმს“ - გიდი არსებულ პრობლემებზე

64997276e2d6d
ვიქტორია მღებრიშვილი
26.06.23 23:50
2852
საქართველოს ტურისტული გილდიის აღმასრულებელი დირექტორი და სერტიფიცირებული გიდი ნატალია ნონიკაშვილი აცხადებს, რომ ტურისტულ სექტორს სრულფასოვანი სერვისის მიწოდების მიზნით, პირველ რიგში ყოფითი პრობლემების მოგვარება სჭირდება.

BMG-სთან საუბრისას ნატალია ნონიკაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს იმდენი ტურისტი არ სტუმრებს, რა სტატისტიკაც ქვეყნდება, რადგან დარგის წარმომადგენლებს გიდებს, მძღოლებს, გამყოლებს პირადად უწევთ მათთან კომუნიკაცია და დიდი რაოდენობები ნამდვილად არ არის.

„საიდან ითვლიან ამდენ მილიონ ტურისტს გაუგებარია. თბილისში გვაქვს 48 000 საწოლი, ცოტა ნაკლები აქვს ბათუმს. ამაში შედის სასტუმროები, გესთჰაუსები, კერძო აპარტოტელები, რომლებიც Airbnb-ით აქირავებენ სად სძინავს 9 მლნ ტურისტს და სად დადიან ისინი - ვინმეს თუ ჰგონია, რომ გიდის არაკვალიფიციიურობა უშლის ტურიზმს განვითარებაში ხელს, გეტყვით რომ პირველ რიგში ინფრასტრუქტურის პრობლემაა. მომიწესრიგეთ გზა, მომიწესრიგეთ ნაგვის ურნა, რომ არ მქონდეს საძებარი და სიგარეტის ნამწვით ტურისტი 2 კმ არ ვატარო, მომიწესრიგეთ ტუალეტები და მე მოვაწესრიგებ ტურიზმს. დარგის მოწესრიგების წინააღმდეგნი არ ვართ, ჩვენ ამას დიდი ხანია ვითხოვთ, არ შეიძლება ყველა შემოსულმა ჩემი ქვეყნის ისტორია მოყვეს თავის ჭკუაზე... არ შეიძლება შემოიყვანოს ავტობუსი და მთელი თანხა გაიტანოს... ადრე თუ ვლადიკავკაზიდან შემოდიოდა ავტობუსი ტურისტებით და აქ მხოლოდ სასტუმროს და რესტორნის ფულს ტოვებდნენ, დღეს ესეც მათია...

ვერ ვხვდებით რა სტატისტიკაზე გვესაუბრებიან, როდესაც ვართ ხალხი, რომლებსაც ტურისტებთან ყოველდღიური შეხვედრა გვაქვს. დღეს ისეთი სასტუმროები რეკავენ და გვეხვეწებიან - რა ხდება, მუშაობა არ გაქვთო... 5-ვარსკვლავიან სასტუმროებზე არ მაქვს საუბარი, ეგენი სავსეა... საუბარია საშუალო სეგმენტზე, რომელიც აბსოლუტურად ჩამომხობილია და თუ მონოპოლიზაციას აპირებენ, პირდაპირ გვითხრან, რადგან გამოდის, რომ მათთვის სულ ერთია ვინ ჩაატარებს ამ ქვეყანაში ტურს. მე როგორც სერტიფიცირებული და კვალიფიცირებული გიდი იგივე პირობებს ვითხოვ სახელმწიფოსგან, რაც სხვა ქვეყნებშია, მეც მინდა ჩავატარო ტურები აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთში, უკრაინაში, საფრანგეთში, ჩეხეთში და თურქეთში მაგალითად, რატომ მაჯარიმებენ იქ?“, - ამბობს ნატალია ნონიკაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები