მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მომხმარებელი სულ უფრო მეტად ანიჭებს უპირატესობას მაღალი ხარისხის ღვინოებს - "თბილღვინო"

თბილღვინო

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის „თბილღვინოს“ მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელის, ალექსანდრე მარგველაშვილის თქმით, გლობალური ტენდენციები ცხადყოფს, რომ მომხმარებლები სულ უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას მაღალი ხარისხის ღვინოების დაგემოვნებას და ნაკლებად მიმართავენ იაფი სეგმენტის პროდუქტებს.

როგორც მან BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილაში" თქვა, მსოფლიო ბაზარზე ერთდროულად ჭარბი წარმოება და ღვინის მოხმარების შემცირება ფიქსირდება, რაც მიუთითებს მომხმარებლის ქცევის ცვლილებაზე.

"კოვიდის შემდეგ ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოკვეთილია - საშუალო მომხმარებელი სვამს ნაკლებ ღვინოს ლიტრებში, თუმცა არჩევანს უფრო მაღალი ღირებულებისა და ხარისხის პროდუქციაზე აკეთებს. ხალხს ურჩევნია დააგემოვნოს კარგი ღვინოები და ნაკლებად მოიხმაროს იაფი სეგმენტის პროდუქტი", – აცხადებს მარგველაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს ბაზარზე მოხმარების მკვეთრი კლება ამ ეტაპზე არ ჩანს, თუმცა სტრუქტურული ცვლილებები უკვე შესამჩნევია.

„სტატისტიკურად 30 ლარამდე ფასის ღვინო უფრო მეტად იყიდება, რაც ბუნებრივია, თუმცა საქართველოშიც მზარდია ინტერესი ბოთლირებული ღვინის მიმართ. დაახლოებით, 15 წლის წინ დაიწყო ბოთლირებული ღვინის მოხმარების კულტურის ჩამოყალიბება. მაშინ ღვინის ბარში, რესტორანში ან სახლში მირთმევის ტრადიცია ასე განვითარებული არ იყო. მიუხედავად უძველესი მეღვინეობის ისტორიისა, თანამედროვე მოხმარების კულტურა დღეს ყალიბდება“, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

გაყიდვების კუთხით, „თბილღვინოსთვის“ ყველაზე აქტიური პერიოდი დეკემბრის მეორე ნახევარია : „წლის ბოლოს გაყიდვები განსაკუთრებით იზრდება - ღვინოს ხშირად ყიდულობენ როგორც საჩუქრად, ისე პირადი მოხმარებისთვის. ამავე პერიოდში გაიზარდა ცქრიალა ღვინოების მოთხოვნაც, რაც ჩვენთვის ახალი მიმართულებაა. ახალი წლის შემდეგ კი ბაზარზე ტრადიციულად შედარებით წყნარი ეტაპი დგება“, – აღნიშნავს მარგველაშვილი.

მისივე თქმით, სწორედ გლობალური ტენდენციების საპასუხოდ, კომპანია კიდევ უფრო აძლიერებს მაღალი ხარისხის მიმართულების განვითარებას.

„ჭარბი წარმოებისა და შემცირებული მოხმარების პირობებში აქცენტს ვაკეთებთ პრემიალურ ღვინოებზე, რომლებიც საუკეთესო ვენახებიდან მოდის. გურჯაანის რეგიონში, შაშიანისა და ვაჩნაძიანის სოფლებში შერჩეული ნაკვეთებიდან ვქმნით პრემიალურ ღვინოებს. ეს მიმართულება იქნება ჩვენი მთავარი აქცენტი როგორც საქართველოს ბაზარზე, ისე საერთაშორისო მასშტაბით“, – ამბობს მარგველაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები