ციფრული მომსახურების გააქტიურების კვალდაკვალ ვალუტის გადაცვლის პუნქტების ნაწილი ამბობს, რომ მომხმარებლები შეუმცირდათ.
სავალუტო კონვერტაციების ბაზარი ბოლო რამდენიმე წელია იცვლება. ფულის გადაცვლის ოპერაციები აქტიურად გადადის ციფრულ სივრცეში, ნაღდი კონვერტაციების ბაზარი კი მომხმარებელს კარგავს. ციფრული სერვისების დანერგვისთვის ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მთელი რიგი მარეგულირებელი და ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება უწევთ, რაც სოლიდურ ფინანსურ სახსრებს მოითხოვს, ამის შესაძლებლობა კი ერთეულ სუბიექტებს აქვთ.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ქსელის, „SM სერვისის“ მფლობელი, სოსო მარტიაშვილი BMG-სთან აღნიშნავს, რომ ონლაინ პლატფორმების გააქტიურების ფონზე მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 20%-ით შეუმცირდათ, რაც განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში იგრძნობა, თუმცა ზაფხულში ტურისტული ნაკადების გამო ფიზიკური პუნქტები მაინც დატვირთულია.
“ხალხი ჩაერთო ონლაინ კონვერტაციებში და ნაწილობრივ ამან იმოქმედა ბაზარზე. ჩემი კომპანია თბილისში ვალუტის გადამცვლელ 5 პუნქტს ფლობს და ჩვენს შემთხვევაში კლება დაახლოებით 20%-ია, რაც ზამთარში მეტად იგრძნობა, რასაც ზაფხულში ტურისტების შემოდინება აბალანსებს”,- აცხადებს სოსო მარტიაშვილი.
მაღალი პროგრამული ხარჯები, საბანკო საკომისიოები და ეროვნული ბანკის მოთხოვნები ის სირთულეებია, რაც მისი თქმით, ფიზიკურ პუნქტებს მომსახურების გაციფრულებაში ხელს უშლის.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ივლისიდან უკვე ძალაშია სებ-ის მიერ მიღებული წესები, რომელიც ვალუტის გადაცვლის პუნქტებს უნაღდო კონვერტაციების შესაძლებლობას აძლევს, თუმცა ამისთვის მათ მთელი რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. ერთ-ერთი მთავარი რეგულირების ჩარჩოში ლიკვიდობისა და საწესდებო კაპიტალის მოთხოვნაა. კერძოდ, ციფრული სავალუტო კონვერტაციის განხორციელებისთვის ვალუტის გადაცვლის პუნქტებს ნახევარი მილიონი ლარის საწესდებო კაპიტალი უნდა გააჩნდეთ, რისი დაკმაყოფილების რესურსიც ფაქტია ბაზარზე რეგისტრირებული 700-სზე მეტი სუბიექტიდან, ყველას არ აღმოაჩნდა.




























