მომხმარებელი უფრო მეტს ზოგავს, ვიდრე ხარჯავს - წლის ყველაზე შემოსავლიანმა თვემ ბიზნესის მოლოდინები ვერ გაამართლა. მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და არასტაბილური გარემოა.
მომხმარებლის აქტივობა შენელებულია ელექტრონულ კომერციაშიც, სადაც წინასაახალწლო ფასდაკლებები წლების ტრადიცია იყო. VELI.STORE-ში ამბობენ, რომ მომხმარებელი ძირითად პირველადი მოხმარების ნივთებს ყიდულობს, სხვა დანარჩენ პროდუქციაზე აქტივობა დაბალია. კომპანიის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი გიორგი ბერეჩიკიძე აცხადებს, რომ ზრდის ტემპი გასულ ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით განახევრებულია.
“მომხმარებლების ქცევა შეიცვალა, აღარ ყიდულობენ ძვირიან ნივთებს, იქნება ეს სამომხმარებლო ტექნიკა, ავეჯი თუ სხვა. რაც ჩვენზე აისახება, ჩვენ მოგვიწია, რომ დეკემბრის გეგმები დაგვეკორექტირებინა. ელექტრონული კომერციის სპეციფიკასაც ვიტყვი, ჩვენთვის მომხმარებლები ძირითადად ციფრულ არხებში მოიძიებენ პროდუქტების შესახებ ინფორმაციას და როგორც ველი სთორის, ისე სხვა პლატფორმებსაც აღმოაჩენენ ხოლმე. დღეს ინტერნეტსივრცეში სხვა აქტივობა არ არის გარდა მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის გაცნობისა. ამ არხებზე კომუნიკაცია არარელევანტური ხდება, შესაბამისად, ციფრული არხებიდან ფაქტობრივად ვერ გადმოგვყავს მომხმარებელი, ამიტომ ეს კიდევ უფრო მეტად ანახევრებს იმ აქტივობას, რაც შეიძლება გვქონდეს ვებგვერდზე.
წელს, დეკმებრის მაჩვენებლები ნოემბერთან შედარებით არ გაზრდილა. მსგავსი ტრენდი არ არის, უფრო მეტიც, ეს ზრდა განახევრდა თუ მეტი არა", - ამბობს VELI.store-ის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი გიორგი ბერეჩიკიძე.