სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის 2016-2017 წლებში სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული და განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განკარგვის და სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
აუდიტი დასკვნაში მომსახურების სააგენტოში კონკურენციის შემზღუდავ სატენდერო მოთხოვნებზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერებიდან, რამდენიმე შემთხვევაში დაფიქსირდა შესასყიდი საქონლის თუ მომსახურების ტექნიკურ, ხარისხობრივ მახასიათებლებთან დაკავშირებული შემზღუდველი მოთხოვნები.
„2016-2017 წლებში ჩატარებული ტენდერების 15%-ში სატენდერო დოკუმენტაციაში შესასყიდი საქონლის თუ მომსახურების ტექნიკური აღწერილობა შეიცავდა ზედმეტ, არასაჭირო დეტალებს, რაც ზღუდავს პოტენციური მიმწოდებლების ტენდერში მონაწილეობას და ხელს უწყობს არაკონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას. ყოველივე ზემოაღნიშნული კი საქონლის თუ მომსახურების შედარებით მაღალ ფასად შესყიდვას განაპირობებს“-ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.
აუდიტი მომსახურების სააგენტოს შესყიდვების დაგეგმვის ნაკლოვანებებზეც საუბრობს.
„2016 წლის შესყიდვების დაზუსტებული წლიური გეგმა თავდაპირველ გეგმასთან შედარებით 31%-ით არის შემცირებული, ხოლო განხორციელებული შესყიდვები 49%-ით ნაკლებია დაზუსტებულ გეგმაზე.
2017 წლის შესყიდვების დაზუსტებული გეგმა 22%-ით არის შემცირებული თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, განხორციელებული შესყიდვები კი 19%-ით ნაკლებია დაზუსტებულ გეგმაზე. ამასთანავე, 256,135 ლარის შესყიდვა დაგეგმილი რვა CPV კოდით საერთოდ არ განხორციელებულა. ამდენად, შესყიდვების წლიური გეგმები სრულად არ ეფუძნება შესყიდვების განხორციელების აუცილებლობას და რეალურ საჭიროებებს, რაცშესყიდვების დაგეგმვაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს“-აღნიშნავს აუდიტი.

























