მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომხმარებელს ელექტროენერგიის მრიცხველებს ე.წ ჭკვიანი მრიცხველებით შეუცვლიან - როდის და როგორ?

60ddfb49bcfbe
თამთა ჯიჯავაძე
01.07.21 22:30
15308
1 ოქტომბრიდან ყველა ახალი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ექსპლუატაციაში შევა, ე.წ ჭკვიანი მრიცხველებით იქნება აღჭურვილი. როგორც სემეკში აცხადებენ, გამანაწილებელი ქსელის ახალი წესები უკვე დამტკიცებულია. ჭკვიანი მრიცხველი თავად გადასცემს ინფორმაციას კომპანიას და აღმრიცხველის ადგილზე მისვლა საჭირო არ იქნება. გარდა ამისა, ჭკვიან მრიცხველს შეუძლია თავად ჩართოს ან გათიშოს ელექტროენერგია კონკრეტულ მისამართზე.

„კომისიამ სულ ახლახან დაამტკიცა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია და რომელიც ე.წ ჭკვიანი მრიცხველების შემოტანას ითვალისწინებს. პირველ რიგში, ჭკვიანი მრიცხველების მონტაჟის ვალდებულება იმ მრავალბინიან კორპუსებზე გავრცელდება, რომლებიც ქსელთან მიერთდებიან 2021 წლის 1 ოქტომბრიდან. გარდა ამისა, მომხმარებელს ექნება საშუალება, რომ თუ სურვილი ექნებათ, მიმართონ კომპანიებს და მათაც მოითხოვონ ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება. ჭკვიან მრიცხველებს ტრადიციულ მრიცხველებთან შედარებით რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ. უპირველეს ყოვლისა, ის აძლევს შესაძლებლობას როგორც კომპანიებს, ასევე მომხმარებელს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მრიცხველს დაუკავშირდნენ და მიიღონ ინფორმაცია მაგალითად, მოხმარებასა და ფასების შესახებ.

გარდა ამისა, კომპანიებს ექნებათ საშუალება, რომ თუ მომხმარებლებმა არ გადაიხადა დროულად გადასახადი, მათ აღარ მოუწევთ ფიზიკურად თანამშრომლის გაგზავნა, რათა გათიშონ მომხმარებელი. შეუძლიათ ეს დისტანციურად გააკეთონ. ანალოგიურად, თუ მომხმარებელს გადაუხდელობის გამო ჰქონდა გათიშული ელექტრომომარაგება, თუ იგი გადაიხდის, აღარ მოუწევს რამდენიმე საათი ლოდინი და შესაძლებელი იქნება რომ ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგეს“, - განაცხადა სემეკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა სალომე ჯანელიძემ.

მისივე თქმით, ჭკვიანი მრიცხველების კიდევ ერთი უპირატესობა ის იქნება, რომ შესაძლებელი ხდება დროში დიფერენცირებული ტარიფებით დარიცხვა. „მოგეხსენებათ საბითუმო ბაზარზე გადავდივართ ახალ პრინციპზე - საათობრივ ვაჭრობაზე, ანუ ელექტროენერგიის ფასი განსხვავებული იქნება საათების მიხედვით. თუ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა პიკის საათებში მაღალია, ფასიც მაღლა აიწევს, ხოლო როცა დაბალი იქნება მოთხოვნა, ფასიც დაიწევს. სწორედ ამ პრინციპის საცალო ბაზარზე გადმოტანის შესაძლებელს მოგვცემს ჭკვიანი მრიცხველები. მაგალითად, მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა სარეცხის მანქანა ჩართოს იმ დროს, როდესაც ელექტროენერგია შედარებით იაფია და ამგვარად დაზოგოს ხარჯები. ტარიფებზე ეს უარყოფით გავლენას არ იქონიებს, პირიქით, ეს უკეთესი არის, ვინაიდან ჭკვიანი მრიცხველები კომპანიის მისცემს საშუალებას, რომ მოახდინონ ხარჯების ოპტიმიზაცია, შეამცირონ მრიცხველის ექსპლუატაციის ხარჯები“, - აღნიშნა მან.

მისივე განცხადებით, ჭკვიანი მრიცხველებით ეტაპობრივად ჩანაცვლდება ყველა მრიცხველი. ეს ეტაპები გაწერილი იქნება კომისიის გადაწყვეტილებით, რომელიც ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია.

„ზოგადად მრიცხველები, რაც დღეს არის დამონტაჟებული, ბუნებრივია ძველდება და საჭიროა მათი შეცვლა. ჩანაცვლების პროცესში ჩვენ ვგეგმავთ რომ ისინი შეიცვალოს არა ძველი, არამედ ახალი თანამედროვე ჭკვიანი მრიცხველებით“, - დასძინა სალომე ჯანელიძემ და აღნიშნა, რომ სრული ჩანაცვლებისთვის, მთლიანად საქართველოში სავარაუდოდ, დაახლოებით 3-4 წელი მაინც იქნება საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები