მონღოლეთის პარლამენტის დიდი სახელმწიფო ხურალის დელეგაცია საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციით ჩამოვიდა. ვიზიტის მთავარი მიზანი თამბაქოს კონტროლის მიმართულებით საქართველოს წარმატებული რეფორმების გაზიარებაა - ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
დელეგაციის წევრები პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ზაზა ლომინაძეს შეხვდნენ. ლომინაძის განმარტებით, მონღოლეთი ამჟამად მუშაობს საკუთარ ანტითამბაქოს კანონმდებლობაზე, რომლის მიღებასაც საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მონღოლეთს მისცა რეკომენდაცია, ჩამოსულიყვნენ საქართველოში და ჩვენი გამოცდილება გაეზიარებინათ. მათ აინტერესებდათ, როგორ იმოქმედონ და რაზე გაამახვილონ ყურადღება კანონის დახვეწისა და შემდგომი აღსრულებისთვის“, - აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.
საქართველომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი 2018 წელს მიიღო. პარლამენტი წერს, რომ მას შემდეგ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეიზღუდა მოწევა დახურულ საჯარო სივრცეებში, აიკრძალა რეკლამა და გამკაცრდა სანქციები. .

























