საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ Ba2 დონეზე, ხოლო პერსპექტივა „ნეგატიურზე“ დატოვა.
Moody's-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა ჯერ კიდევ 2025 წლის მარტში რაც იქამდე "სტაბილური" იყო, "ნეგატიურით" შეცვალა, რის შემდეგაც უცვლელ მოლოდინს ინარჩუნებს. შეფასებაში გავლენიანი სააგენტო აღნიშნავს, რომ საკრედიტო რეიტინგი ერთი მხრივ ქვეყნის ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს (მყარი ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის დეფიციტის და სახელმწიფო ვალის კლება, რეზერვების ზრდა), ხოლო მეორე მხრივ გაუარესებულ ინსტიტუციურ მდგრადობას და შიდაპოლიტიკურ დაძაბულობას ასახავს.
""ნეგატიური პერსპექტივის გათვალისწინებით, მოკლე ვადაში რეიტინგის გაუმჯობესება ნაკლებად სავარაუდოა. "ნეგატიური" პერსპექტივა შესაძლოა შეიცვალოს "სტაბილურით", თუ პოლიტიკური რისკები საგრძნობლად შემცირდება", რაც საქართველოს ინსტიტუტებისა და მმართველობის მდგრად გაუმჯობესებას გაუხსნის გზას. ასევე მნიშვნელოვანია სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის უფრო ფართო დივერსიფიკაციას და პროდუქტიულობის ზრდას, შეიძლება გააძლიეროს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი და შედეგად ხელი შეუწყოს რეიტინგის გაუმჯობესებას", - ნათქვამია მიმოხილვაში.
ეკონომიკური ზრდა და ფისკალური მაჩვენებლები
Moody's-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს:
- მშპ-ს ზრდა: 2025 წელს რეალური მშპ-ს ზრდამ 7.5% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს (3.6%).
- პროგნოზი: 2026 წლისთვის სააგენტო ზრდის ტემპის 6%-მდე შენელებას ელოდება, რაც 2027 წლიდან მის პოტენციურ 5%-იან ნიშნულს დაუბრუნდება.
- ფისკალური დეფიციტი: 2025 წელს დეფიციტი მშპ-ს 1.2%-მდე შემცირდა (2024 წლის 2.2%-დან), რამაც სახელმწიფო ვალის ტვირთის მშპ-ს 34.5%-მდე შემცირებას შეუწყო ხელი.
- საგარეო სექტორი: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2025 წელს 2.9%-მდე შემცირდა, რაც გამოწვეულია მომსახურების სექტორის ექსპორტითა და ფულადი გზავნილების მატებით.
„ნეგატიური“ პერსპექტივის შენარჩუნება ძირითადად ინსტიტუციურ და პოლიტიკურ გამოწვევებს უკავშირდება:
- შიდაპოლიტიკური ვითარება: ანგარიშში აღნიშნულია 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდგომი პოლარიზაცია და ინსტიტუციური უკუსვლა.
- ევროინტეგრაცია: რეიტინგზე უარყოფითად აისახა გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების თაობაზე.
- მმართველობის ხარისხი: სააგენტო მიუთითებს მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებში საქართველოს პოზიციების შესაძლო შესუსტებაზე და სამოქალაქო საზოგადოების როლის შესუსტების ნიშნებზე.
სამომავლო მოლოდინები
სააგენტოს განცხადებით, რეიტინგის გაუმჯობესება ახლო მომავალში ნაკლებად სავარაუდოა. პერსპექტივა შესაძლოა შეიცვალოს „სტაბილურით“, თუ პოლიტიკური რისკები მნიშვნელოვნად შემცირდება და გაგრძელდება ინსტიტუციური გაძლიერება. მეორე მხრივ, რეიტინგის დაწევის მიზეზი შეიძლება გახდეს ინსტიტუციური გარემოს შემდგომი გაუარესება ან გეოპოლიტიკური და შიდაპოლიტიკური რისკების ესკალაცია, რაც საფრთხეს შეუქმნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.




























