მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოქალაქეებს მოვუწოდებ, გაზგამანაწილებელ კომპანიებს მოწყობილობების შემოწმების შესაძლებლობა მისცენ"

5daaf28b2c515
BM.GE
19.10.19 16:00
1016
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს, გურამიშვილის გამზირზე გაზის აფეთქების შედეგად ყველაზე მძიმედ დაზარალებული იოსებ ჯავახიშვილი მოინახულა. პაციენტი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში მინისტრმა ბუნებრივი გაზის მომხმარებლებს მოუწოდა, მისცენ შესაძლებლობა გაზგამანაწილებელ კომპანიებს, შეამოწმონ გაზის მოწყობილობები და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, გაზის მიწოდების აღდგენა თვითნებურად არ სცადონ.

ნათია თურნავას განცხადებით, ძალიან სამწუხარო შემთხვევა მოხდა და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანთა ჯანმრთელობა და მათი მდგომარეობაა.

„ჩვენ გავამკაცრეთ გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული რეგულაციები. გაზგამანაწილებელი კომპანიები გეგმურ შემოვლას ახორციელებენ და ყველა იმ აბონენტს ამოწმებენ, სადაც გაზის მოწყობილობებია დამონტაჟებული. თუკი მოსახლეობა არ გვეთანამშრომლა და გაგებით არ მოეკიდა ამ ყველაფერს, ასეთი შემთხვევების პრევენცია რთული იქნება. ამიტომ მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს - დადგა გათბობის სეზონი და მაქიმალური სიფრთხილე გამოვიჩინოთ. აუცილებლად მივცეთ გაზგამანაწილებელ კომპანიებს შესაძლებლობა, რომ შემოვიდნენ და შეამოწმონ მოწყობილობები. თუ აუცილებელი გახდა გამოცვლა და თუ მიიღეს რეკომენდაცია, რომ შეცვალონ ეს მოწყობილობები, თვითნებურად არ მიაერთონ, რადგან საუბარია ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. არ უნდა შეუქმნან საფრთხე არც საკუთარ თავს და არც მეზობლებს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარების წესების გამკაცრების კუთხით, სავალდებულო წესით შემოვა დეტექტორების დამონტაჟება.

„ეს შეეხება როგორც ახალ მშენებლობებს, ასევე ძველ მშენებლობებს. ყველგან უნდა არსებობდეს გაზის დეტექტორი, რომელიც შეგვატყობინებს საფრთხეს და დაგვიცავს უბედური შემთხვევისაგან", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები